ალექსის ციპრასი ევროკავშირს მოუწოდებს, არ დაუშვან ევროპის ორად გაყოფა

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, ალექსის ციპრასი ევროკავშირს მოუწოდებს, თავიდან აიცილოს დანაწევრება, - ამის შესახებ, "ბიბისის" ცნობით, ციპრასმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"არ დავუშვათ ევროპის ორად გაყოფა", - აღნიშნა მან. მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ საბერძნეთს შეუძლია შეასრულოს ვალდებულებები საბერძნეთისა და ევროზონის ინტერესების შესაბამისად მომდევნო დღეებში. ალექსის ციპრასმა გააკრიტიკა საბერძნეთისთვის გადაცემული წინა საკრედიტო პაკეტები, რამაც, მისივე თქმით, ქვეყანა "მკაცრი ეკონომიკური ზომების ლაბორატორიად აქცია".  საბერძნეთის პრემიერმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ ევროზონისთვის წარსადგენ წინადადებაზე ათენმა იმუშავა, თუმცა, სამწუხაროდ, დეტალების წარდგენა ვერ შეძლო.

გუშინ ბრიუსელში ევროკავშირის საგანგებო სამიტი გაიმართა, რა დროსაც საბერძნეთის პრემიერს, ალექსის ციპრასს კრედიტორებისთვის ახალი წინადადება უნდა შეეთავაზებინა. თუმცა, იგი ევროპელ ლიდერებთან წინადადების გარეშე მივიდა.