2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 21.109 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6.6 პროცენტით მეტია.
საქსტატის მონაცემებით, აქედან, ექსპორტი 6.011 მლრდ აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 7.9 პროცენტით), ხოლო იმპორტი 15.098 მლრდ აშშ დოლარი (გაიზარდა 6.1 პროცენტით).
როგორც BDO-ს მმართველი პარტნიორი, ზურაბ ლალაზაშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „მონეტიზაცია“ აღნიშნავს, მნიშვნელოვანია აქ ბევრი დეტალის გათვალისწინება, რის ხარჯზე მოხდა საგარეო ვაჭრობის ზრდა.
„ძალიან მნიშვნელოვანია დეტალებში შევიდეთ და გავიგოთ, სად გაიზარდა და სად შემცირდა ვაჭრობა და ასევე შევხედოთ ინვესტიციებს. ბოლო პერიოდში, რაც მე მაქვს ნანახი, ევროკავშირთან ვაჭრობა შემცირდა, ხოლო რუსეთთან, ჩინეთთან და ა.შ გაიზარდა.
ეს ნიშნავს, რომ, თუ ჩვენი ეკონომიკა მჭიდროდ არ არის დაკავშირებული ევროკავშირთან და დასავლეთის ქვეყნებთან, ბიზნესი ხდება არაკონკურენტუნარიანი, ჩვენი ექსპორტი არ არის საინტერესო მათთვის, ვინც ჩვენ გვაინტერესებს და ვხდებით დამოკიდებული არასტაბილურ მომწოდებელთან, იმპორტთან მიმართებაში“, - განაცხადა ლალაზაშვილმა.
იგი ინვესტიციების თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ მსგავსი შეფასებების დროს მნიშვნელოვანია ინვესტიციების კლების აღნიშვნაც.
„გასათვალისწინებელია, რომ ამჟამინდელი ინვესტიციები განპირობებულია წინა პერიოდის გადაწყვეტილებებთან. ის, რაც ხდება ახლა, ინვესტიციებთან მიმართებაში გავლენას შემდეგ წელს იქონიებს. ამიტომ დინამიკა, რასაც ახლა ვუყურებთ, წითელი ნიშანია ეკონომიკაში.
ის, თუ როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი, დამოკიდებულია მოვლენების განვითარებაზე. თუ სწრაფად გამოვედით ამ ჩიხიდან და განიმუხტა სიტუაცია, შესაძლოა, მომავალი წლის პირველი კვარტლის მეორე ნახევრიდან დაიწყოს სიტუაციამ გამოსწორება და შეინიშნოს დადებითი დინამიკა“,- განაცხადა ზურაბ ლალაზაშვილმა.
ცნობისთვის, 9 თვის (იანვარ-სექტემბრის) ჭრილში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ბოლო სამი წლის მინიმუმზეა. ბოლო ათ წელში კი (პერიოდის -2019-2020 წლების გარდა - პანდემია) ყველაზე დაბალი მაჩვენებლები წელს დაფიქსირდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ მხოლოდ მესამე კვარტლის მონაცემებით, წელს 2009 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. მაგალითისთვის, 2024 წლის მესამე კვარტალში თუ FDI-ს მოცულობამ 197.7 მილიონი დოლარი შეადგინა, 2009 წელს 179.1 მლნ დოლარი იყო.
შეგახსენებთ, 2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლიურად 55.2%-ით შემცირდა და 197.7 მილიონი დოლარი შეადგინა. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, ყველაზე დიდი მოცულობით პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ნიდერლანდებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, მალტამ, თურქეთმა და ჩეხეთმა განახორციელა.