გიორგი აბაშიშვილი ამერიკის საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური განყოფილების უფროსს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი ამერიკის საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური განყოფილების ახალ უფროსს დუაით ნაისტრომს და მის მოადგილეს ქეიჯი მურის შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტში მიმდინარე ცვლილებებს. მათივე განმარტებით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფის თემაზე, რაზეც მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის მნიშვნელობა.

"დეტალურად განიხილეს მიმდინარე ცვლილებები და ყურადღება გაამახვილეს აღნიშნულ პროცესში საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ ცვლილებები როდესაც შეეხება ეროვნულ ბანკს, საჭიროა მჭიდრო კომუნიკაცია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგს. შეხვედრის დასასრულს აღინიშნა, რომ მხარეები მომავალშიც მჭიდროდ გააგრძელებენ თანამშრომლობას", - აღნიშნავენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.