რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ რუს ტუროპერატორებს აფხაზეთში ორგანიზებული ტურების გაყიდვა აუკრძალა. ამის შესახებ რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის ვიცეპრეზიდენტ არტურ მურადიანმა Gazeta.ru-ს განუცხადა.
გადაწყვეტილების მიზეზი აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის მიერ რუსეთთან გაფორმებული “საინვესტიციო ხელშეკრულების” რატიფიცირების ჩაგდებაა.
მურადიანი განმარტავს, რომ “აფხაზეთის შემოსავლის მთავარი წყაროს, რუსი ტურისტების ნაკადის შეწყვეტა აფხაზური ბიზნესისთვის სადამსჯელო-საგანმანათლებლო ზომაა, ვიდრე აფხაზები იმ ნორმების დამტკიცებას ეწინააღმდეგებიან, რამაც მათი პრეზიდენტის გადადგომა გამოიწვია.”
მისი ცნობით, ტურების გაყიდვის აკრძალვა, მინიმუმ, წლის ბოლომდე გაგრძელდება. თუმცა ტურისტებს მაინც შეუძლიათ, დამოუკიდებლად ეწვიონ აფხაზეთს ბილეთების შეძენითა და საცხოვრებლის დაჯავშნით. მურადიანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მარშრუტზე მოთხოვნა მთლიანად არ გაქრება, რადგან „არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აფხაზეთის ენერგოკრიზისი არ აწუხებთ და ყველაფერი უკვე დაგეგმილი აქვთ.“
ასოციაციის ვიცეპრეზიდენტი, ასევე, აცხადებს, რომ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისა და პოლიტიკური სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ აკრძალვა შესაძლოა, მოიხსნას. მურადიანის შეფასებით, აფხაზეთი კრასნოდარის ტერიტორიიდან ტურისტული ნაკადის გადანაწილებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და მარშრუტის ჩაკეტვამ კრასნოდარის მხარეში შესაძლოა, ფასების ზრდა და განსახლების ადგილების დეფიციტი გამოიწვიოს.
4 დეკემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატებმა რიგგარეშე სხდომაზე მხარი არ დაუჭირეს რუსული იურიდიული პირების საინვესტიციო საქმიანობის შესახებ აფხაზურ-რუსული შეთანხმების რატიფიცირებას, რომელსაც 30 ოქტომბერს, მოსკოვში მოეწერა ხელი. თუმცა მოსკოვი ამ დოკუმენტის დამტკიცებას დაჟინებით მოითხოვს და მის მიღებამდე კრემლმა 1-ლი სექტემბრიდან აფხაზეთის “ბიუჯეტის” დაფინანსება გაყინა.
აფხაზები რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინისგან ე.წ. საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებისთვის ხელფასებისა და სოციალური გადასახადების თანადაფინანსების აღდგენას ითხოვენ, თუმცა კრემლი სანაცვლოდ “საინვესტიციო ხელშეკრულების” რატიფიცირებას ითხოვს.
დოკუმენტი რუსი ინვესტორების ე.წ. საბაჟო, ქონებისა და მოგების გადასახადისგან 25 წლამდე გათავისუფლებას, ასევე, დღგ-ის განაკვეთის 5%-მდე შემცირებას ითვალისწინებს. შეღავათები 2 მლრდ რუბლზე (20,5 მლნ დოლარზე) მეტ ინვესტიციებს ეხება.
დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას გადადგომის შემდეგ ე.წ. ხელისუფლებაში მოსული აფხაზური ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ხელშეკრულება რუსული “ოლიგარქიის ექსპანსიას,” ანუ მათ მიერ აფხაზური აქტივების ხელში ჩაგდებას გამოიწვევს, რადგან ხელშეკრულება რუსულ მსხვილ კაპიტალს შესაძლებლობას აძლევს, უთანასწორო კონკურენციის პირობებში, თითქმის, ნებისმიერ ინდუსტრიაში რეალური მონოპოლისტი გახდეს. აფხაზები “რესურსების გაყიდვას” ე.წ. სუვერენიტეტის საფრთხედ აღიქვამენ. ამასთან, შეთანხმების ნაწილი მრავალფუნქციური კომპლექსების მშენებლობას ითვალისწინებს, რასაც, აფხაზური მხარის მტკიცებით, აფხაზეთში რუსების მასიური ჩასახლება მოჰყვება.
ცნობისთვის: “როსსტატის” ბოლო მონაცემებით, იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან საქართველოში ტურისტული მოგზაურობების რაოდენობამ 1 მილიონი, ხოლო მხოლოდ ოკუპირებულ აფხაზეთში 4.6 მილიონი შეადგინა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ