რა ეკონომიკური ურთიერთობები გვაქვს ლიეტუვასა და ესტონეთთან, რომლებმაც ქართველი პოლიტიკოსები დაასანქცირეს

ლიეტუვამ 17, ესტონეთმა კი 14 ქართველ თანამდებობის პირს სანქციები დაუწესა, რომელთა შორისა ირაკლი კობახიძეც არის. ამასთან ქვეყნები, სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებენ რეაგირებისკენ.

როგორც ესტონეთისა და ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრები სოციალურ პლატფორმებზე წერენ, ისინი ქართველი ხალხის და მათი ევროპული ოცნების გვერდით დგანან და არ შეეგუებიან მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა, თუ ოპოზიციის მიმართ ძალადობას და ჩაგვრას.

ესტონეთისა და ლიეტუვას ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოს მთავრობაც. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „საქართველოს ხელისუფლებას აქვს უფლება და შესაძლებლობა, ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობების აღნიშნულ ანტიქართულ გადაწყვეტილებას [სანქციებს] შემხვედრი ზომები დაუპირისპიროს, თუმცა, ლიეტუველი და ესტონელი ხალხის პატივისცემის გამო, ამგვარი ნაბიჯის გადადგმა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია - ჩვენი გადაწყვეტილებაა, ორივე სახელმწიფოსთან დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში“.

საინტერესოა, როგორი იყო წელს საქართველოსა და აღნიშნულ ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები.

საქსტატის მიხედვით, ლიეტუვასა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა გაზრდილია. კერძოდ, წელს იანვარ-ოქტომბერში ქვეყნებს შორის 109.5 მლნ აშშ დოლარის ვაჭრობა შედგა, წინა წლის იგივე პერიოდში 92.8 მლნ აშშ დოლარის. ამასთან წელს 10 თვეში საქართველოდან 19.403 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გავიდა, ლიეტუვიდან კი 90.1 მლნ აშშ დოლარის ნაწარმი შემოვიდა.

წელს ლიეტუვიდან იმპორტირებული პროდუქტების ხუთეული ასე გამოიყურება:

  • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 34.728 მლნ აშშ დოლარი
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 11.835 მლნ აშშ დოლარი ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, გაყინული - 7.003 მლნ აშშ დოლარი
  • სატვირთო ავტომობილები - 3.429 მლნ აშშ დოლარი
  • მსუბუქი ავტომობილები - 2.720 მლნ აშშ დოლარი

წელს 10 თვეში საქართველოდან ლიეტუვაში ექსპორტირებული პროდუქტების ხუთეული:

  • მინერალური და მტკნარი წყლები - 6.683 მლნ აშშ დოლარი
  • თხილი და სხვა კაკალი - 2.640 მლნ აშშ დოლარი
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 1.903 მლნ აშშ დოლარი კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 1.619 მლნ აშშ დოლარი
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 1.112 მლნ აშშ დოლარი

წელს პირველ-მესამე კვარტალში 1.8%-ანი მატებაა ლიეტუვიდან ტურისტების რაოდენობაშიც. კერძოდ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, წელს საანგარიშო პერიოდში საქართველოს 15 846 ლიეტუველი ესტუმრა, წინა წლის პირველ-მესამე კვარტალში - 15 570.

რაც შეეხება ინვესტიციებს, სტატისტიკის მიხედვით, წელს ლიეტუვიდან საქართველოში ჯამში 3.9 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, თუმცა, კვარტალურად თუ განვიხილავთ, მესამე კვარტალში მნიშვნელოვნად შემცირდა. კერძოდ, საქსტატის მიხედვით, წელს პირველ კვარტალში ლიეტუვიდან შემოსული ინვესტიციების მოცულობამ 755.3 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, მერე კვარტალში - 2.8 მლნ აშშ დოლარი, ხოლო მესამე კვარტალში - 362.3 ათასი აშშ დოლარი.

სტატისტიკის მიხედვით, წელს იანვარ-ოქტომბერში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, შემცირებული იყო ვაჭრობა ესტონეთთან. საქსტატის თანახმად, 2024 წლის 10 თვეში ქვეყნებს შორის 14.465 მლნ აშშ დოლარის ვაჭრობა შედგა, წინა წლის იგივე პერიოდში - 15.044 მლნ აშშ დოლარის. აქედან წელს საანგარიშო პერიოდში ესტონეთიდან 8.793 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი შემოვიდა, ხოლო საქართველოდან 5.672 მლნ აშშ დოლარის ნაწარმი გავიდა.

2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ესტონეთიდან იმპორტირებული პროდუქტების ხუთეული ასეთია:

  • მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცოცხალი - 1.324 მლნ აშშ დოლარი მსუბუქი ავტომობილები - 1.184 მლნ აშშ დოლარი
  • ყველი და ხაჭო - 548.1 ათასი აშშ დოლარი
  • სათამაშოები სხვა; მოდელები შემცირებული ზომის და ანალოგიური მოდელები; თავსატეხები - 542.3 ათასი აშშ დოლარი
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 331.7 ათასი აშშ დოლარი

წელს 10 თვეში საქართველოდან ესტონეთში ექსპორტირებული პროდუქტების ხუთეული:

  • სუნამოები და ტუალეტის წყალი - 1.621 მლნ აშშ დოლარი
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 1.109 მლნ აშშ დოლარი
  • ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან - 743.1 ათასი აშშ დოლარი
  • თხილი და სხვა კაკალი - 310 000 აშშ დოლარი
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 209.7 ათასი აშშ დოლარი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ესტონეთიდან შემცირებულა ტურისტების რაოდენობაც. კერძოდ, წელს პირველ -მესამე კვარტალში საქართველოს 6 919 ესტონელი ეწვია, რაც 13.8%-ით ნალების წინა წლის მაჩვენებელზე. 2023 წლის იგივე საანგარიშო პერიოდში ესტონელი ტურისტების რაოდენობამ 8 028 შეადგინა.

რაც შეეხება ინვესტიციების მოცულობას, სტატისტიკის მიხედვით, პირველ მეორე კვარტალში ესტონეთიდან 6.3 მლნ ლარი შემოვიდა, ხოლო მესამე კვარტალში 1.2 მლნ ლარი გავიდა.

ნინი ქეთელაური