ტრამპმა ბიტკოინის სტრატეგიული რეზერვის შექმნა დააანონსა

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კრიპტოვალუტის რეზერვის შექმნას გეგმავს.

ამის შესახებ ტრამპმა CNBC-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.

„ჩვენ ვაპირებთ რაღაც დიდის შექმნას კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით, რადგან არ გვსურს, ჩინეთმა ან სხვა ქვეყანამ დაგვასწროს. გვინდა, რომ ამ საქმის სათავეში ვიყოთ,“ - პასუხობს ტრამპი კითხვაზე, აპირებს თუ არა ნავთობის მსგავსი კრიპტოვალუტის რეზერვის შექმნას.

ის აზუსტებს, რომ სწორედ ბიტკოინის სტრატეგიულ რეზერვს გულისხმობს.

Reuters-ის მონაცემებით, ტრამპის ამ განცხადების შემდეგ ბიტკოინმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. კერძოდ, მსოფლიოს უდიდესმა და ყველაზე ცნობილმა კრიპტოვალუტამ, რომელიც ბოლოს 105,688 დოლარად ივაჭრებოდა, მაქსიმუმამდე, 106,533 დოლარამდე მოიმატა.

ასევე, მცირე კრიპტოვალუტა, ეთერიუმი, თითქმის, 3%-ით, 4,014 დოლარამდე გაიზარდა.

ცნობისთვის: ბიტკოინის ფასმა 100,000 დოლარს გასული ხუთშაბათის ვაჭრობაზე პირველად მას შემდეგ გადააჭარბა, რაც ინვესტორებმა აშშ-ის შემდეგი ადმინისტრაციის ნომინაციების შესახებ ახალ განცხადებებზე დადეს ფსონი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ