ჩარგეიშვილი - ასეთი გადაწყვეტილება ქმნის საფრთხეს, ინვესტორმა აღარ ჩადოს ფული იმ ქვეყანაში, სადაც ბიზნესის ინტერესებს არ ითვალისწინებენ

საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებები ორგანულ კანონთან წინააღმდეგობაშია“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ იურისტმა აკაკი ჩარგეიშვილმა განუცხადა.

საქმე ეხება, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით მიღებულ ცვლილებებს, რომლის თანახმადაც, იზრდება სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზატორი საწარმოების საქმიანობებიდან მიღებული დასაბეგრი მოგების განაკვეთი. კერძოდ, მოგების გადასახადი ნაცვლად 15 პროცენტისა იქნება 20 პროცენტი.

აკაკი ჩარგეიშვილის თქმით, ეს არის ის შემთხვევა, როდესაც კარგად უნდა ვიცოდეთ (ყოველ შემთხვევაში ფინანსურ, ეკონომიკურ და საგადასახადო სფეროში) არსებული კანონმდებლობა, რადგან საქართველოს კანონმდებლობით (ამ შემთხვევაში იგულისხმება საქართველოს ორგანული კანონი ეკონომიკური თავისუფლების შესახებ) ორგანული კანონი არის უფრო მაღალი დონე და რანგი, ვიდრე ჩვეულებრივ არსებული კოდექსები და კანონები.

„აქედან გამომდინარე, ხსენებული ორგანული კანონი კრძალავს საგადასახადო სფეროში არსებული გადასახადების მიმართ დადგენილი განაკვეთის ზრდას. შესაბამისად, იქნება ეს საშემოსავლო გადასახადი, მოგების გადასახადი, თუ სხვა რომელიმე, გარდა აქციზისა (რომლის გაზრდა არ არის აკრძალული და ნებადართულია) არის აკრძალული ორგანული კანონით.

შესაბამისად, მე უბრალოდ ვერ ვხვდები შემოსავლების სამსახურმა, სადაც ამ სფეროს პროფესიონალები უფრო მეტად არიან, ვიდრე სხვაგან და მათ ძალიან კარგად იციან „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი (რომელიც ეხება გადასახადების განაკვეთის ზრდის ნაწილში აკრძალვას, გარდა აქციზისა) როგორ დაუშვა ის, რომ ამაზე „თვალი დახუჭა“ და განმარტება არ გააკეთა. მე წავიკითხე განმარტებითი ბარათები ამ კანონპროექტების შესახებ და არსად ყოფილა ნეგატიური ფაქტორების შეფასება, თუ რას იწვევს ეს ცვლილება, რაც ძალიან უცნაურია“ - აღნიშნა მან.

მისი თქმით, შესაძლებელი იყო ორგანულ კანონში ცვლილების შეტანა და შესაბამისად, მერე განხორციელებულიყო ის, რისი გაკეთებაც სურთ, მაგრამ ამ ფორმით რატომ მოხდა აღნიშნული, ბუნდოვანია.

„რაც შეეხება აღნიშნულთან დაკავშირებით საინვესტიციო გარემოს, მინდა ვთქვა, რომ იმიტომ არსებობს „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ კანონი და იმიტომ „კეტავს“ საგადასახადო განაკვეთების არსებობას ამ ნაწილში და ამ სფეროში, რომ ინვესტორი იყოს დაცული. ასეთი „ნაუცბათევი“ კანონსაწინააღმდეგო ცვლილებები ქმნის საფრთხეს, რომ ინვესტორს აღარ ჰქონდეს სურვილი ჩადოს ფული იმ ქვეყანაში, სადაც ბიზნესის ინტერესებს არ ითვალისწინებენ“, - განაცხადა მან.

აკაკი ჩარგეიშვილის თქმით, ბიზნესისთვის ეს არის ძალიან დიდი დარტყმა და ამას გვერდითი, ირიბად დაკავშირებული შედეგები ექნება, რადგან არავინ იქნება დაზღვეული იმისგან, თუ სათამაშო ბიზნესი დაიბეგრა, სხვა სფეროში იგივე არ მოხდება.

„ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის ნეგატიური მაგალითი და ბიზნესისთვის შემაფერხებელი“,- აღნიშნა იურისტმა.

ცნობისთვის, პარლამენტმა განიხილა და 83 ხმით მიიღო „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომლის თანახმად, იზრდება სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზატორი საწარმოების საქმიანობებიდან მიღებული დასაბეგრი მოგების განაკვეთი. კერძოდ, მოგების გადასახადი ნაცვლად 15 პროცენტისა იქნება 20 პროცენტი. კანონის პროექტის თანახმად, სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზატორი საწარმოების შემთხვევაში, აღარ დაიბეგრება ამ პირების მიერ 2025 წლისა და შემდგომი პერიოდების კუთვნილი მოგებიდან გაცემული დივიდენდი, რაც დღეს მოქმედი კანონმდებლობით იბეგრება 5 პროცენტით.

ამასთან, პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო გადაწყვეტილება „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც, სიგარეტზე, სიგარასა და სიგარილაზე აქციზის გადასახადი 20 თეთრით, ხოლო ე.წ. „აიქოსზე“ 15 თეთრით იზრდება.

ავტორი: რატი ერისთავი