ზურაბ მელიქიშვილი: დღეში 7 მილიონის შესაძლებლობას კარგავს ქართული ეკონომიკა

დღეში 7 მილიონის შესაძლებლობას კარგავს ქართული ეკონომიკა იმ ნაბიჯების შედეგად, რომლებიც იდგმება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, ზურაბ მელიქიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

ზურაბ მელიქიშვილმა საბერძნეთში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და შემქნილი პრობლემები პოპულისტურ ეკონომიკურ პოლიტიკას დაუკავშირა. "ყველა ადევნებს თვალს საბერძნეთში მიმდინარე მოვლენებს. მთავარი მიზეზი იმ პრობლემებისა, რაც არის, არის ის, რომ წლების განმავლობაში სხვადასხვა მთავრობების პირობებში არასწორი პოპულისტური ეკონომიკური პოლიტიკა ხორციელდებოდა. იდგმებოდა ის ნაბიჯები იმ მომენტში გულის მოსაგებად, რომელიც ვიღაცის გულს გაახარებდა, თუმცა მთლიანობაში ქვეყანას პერსპექტივას უკლავდა. ისეთი ქვეყანა, რომელიც არის ევროკავშირის წევრი, ნატო-ს წევრი და მისი ეკონომიკა ვერ უძლებს, უნდა ვხვდებოდეთ ყველა, გაუძლებს თუ არა საქართველოს ეკონომიკა იმ ნაბიჯებს, რომელიც იდგმება. როდესაც 2012-2013 წლებში ბიუჯეტთან ერთად შემოიტანეთ ძირითადი მიმართულების დოკუმენტი, თქვენივე გადაწყვეტილებით აქ ყველამ დავამტკიცეთ, რომ 2016 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტი 40 მილიარდი უნდა ყოფილიყო, დღეს 2015 წლის ბიუჯეტის ცვლილებებში პირდაპირ გიწერიათ, რომ 2016 წლის მშპ უნდა იყოს 32 მილიარდ 800 მილიონი, ანუ დაახლოებით, 7 მილიარდის შესაძლებლობა დაკარგა ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენივე გათვლებითაც საქართველოს ეკონომიკამ. დაახლოებით, 2 წელი და 9 თვეა ხართ ხელისუფლებაში, ეს, დაახლოებით, 1000 დღეა. დღეში 7 მილიონის შესაძლებლობას კარგავს ქართული ეკონომიკა იმ ნაბიჯების შედეგად, რომლებიც იდგმება", - განაცხადა მელიქიშვილმა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ხელისუფლებას იმ ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს, რომელიც საქართველოს ეკონომიკას აამოქმედებს.  "მე მოგიწოდებთ, დროზე მივიღოთ გადაწყვეტილებები, შევამციროთ გადასახადები, გავაუქმოთ რეგულაციები, რომ ეკონომიკა ამოქმედდეს", - აღნიშნა მელიქიშვილმა.