კობახიძე, კალაძე, წულუკიანი - კიდევ ვინ დაასანქცირა ესტონეთმა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელ X-ში აქვეყნებს იმ 14 პირის სიას, ვინც ესტონეთმა გუშინ, 15 დეკემბერს დაასანქცირა.

ცაჰკნას განმარტებით, სანქციები ხელისუფლების მიერ დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ განხორციელებული ძალადობისა და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების საპასუხოდ დაწესდა.

სიაში მოხვდნენ „ქართული ოცნების“ წევრები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, მამუკა მდინარაძე და სხვები. აღსანიშნავია ისიც, რომ სანქცირებულთა შორის 6 მოსამართლეა.

სანქცირებულთა სია ასე გამოყურება:

  • კობა ჩაგუნავა - მოსამართლე;
  • გიორგი გაბიტაშვილი - პროკურორი;
  • ნინო ენუქიძე - მოსამართლე;
  • კახაბერ კალაძე - თბილისის მერი;
  • კოკა კაციტაძე - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი;
  • ირაკლი კობახიძე - პრემიერ-მინისტრი;
  • გრიგოლ ლილუაშვილი - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი;
  • მამუკა მდინარაძე - ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი;
  • ლელა მილდენბერგერი - მოსამართლე;
  • დიმიტრი სამხარაძე - პარლამენტის წევრი;
  • ლელა ცაგარეიშვილი - მოსამართლე;
  • მანუჩარ ცაცუა - მოსამართლე;
  • ზვიად ცეკვავა - მოსამართლე;
  • თეა წულუკიანი - პარლამენტის წევრი.

შეგახსენებთ, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებსა და თანამდებობის პირებს ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობის, დემოკრატიისა და ადამიანთა უფლებების დარღვევისთვის სანქციები მიმდინარე წლის 1-ელ დეკემბერს დაუწესეს.

მოგვიანებით, 7 დეკემბერს, ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონმა განაცხადა, რომ „საუკეთესო ნაბიჯი რუსი ოლიგარქის, ივანიშვილისა და მისი მარიონეტული ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების დაწესება იქნებოდა“.

დღევანდელი, 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით ესტონეთმა კიდევ 14 პირის წინააღმდეგ დააწესა სანქციები. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას რამდენიმე საათში მოჰყვა ლიეტუვას საგარეო უწყების მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ სანქციები დამატებით 17 პირს დაუწესეს.

იხილეთ ასევე: ლიეტუვამ კიდევ 17 პირი, მათ შორის ირაკლი კობახიძე, დაასანქცირა - ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

მერი ტაბატაძე