ქუთაისში ახალი ნაგავსაყრელის მოწყობა მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი და გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) წარმომადგენლები ქუთაისის მერს შოთა მურღულიას, ვიცე-გუბერნატორს პაატა ნადირაძეს და ვიცე-მერს ნოდარ მიქიაშვილს შეხვდნენ.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით,  შეხვედრაზე ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის დეტალები განიხილეს. პროექტი ქუთაისში ახალი ნაგავსაყრელის მოწყობას, ძველის დახურვას, ნარჩენების შეგროვებას, ქალაქის დასუფთავების სისტემის გაუმჯობესებასა და ნარჩენების გადაზიდვის სისტემის მოწყობას მოიცავს. აღნიშნული პროექტისთვის ევროკავშირმა გრანტის სახით 20 მილიონი ევრო გამოყო.

მყარი ნარჩენების მართვის ინტეგრირებული პროექტი ქუთაისში განხორციელდება, რომელიც ასევე იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებსაც მოემსახურება.

პროექტის განმახორციელებელი კონსულტანტი კომპანიაა ERM, ხოლო დამხმარე ღონისძიებების კონსულტანტი კომპანია PEM-ია. პროექტის საერთო ბიუჯეტი 26 მილიონ ევროს შეადგენს.

გიორგი შუხოშვილის ინფორმაციით, მყარი ნარჩენების კომპანიამ ქუთაისში ახალ ნაგავსაყრელზე განაღმვითი სამუშაოები დაასრულა. პროექტი 2016 წლის დასაწყისში იქნება მზად, ნაგავსაყრელის მოწყობა კი 2018 წლისთვის დასრულდება. ამ დროს მოხდება ძველი ნაგავსაყრელის დახურვაც. "გერმანიის განვითარების ბანკსა და ფინანსთა სამინისტროს შორის ფინანსური შეთანხმების საფუძველზე მომზადდა იმერეთის რეგიონალური ნაგავსაყრელის ანგარიში, რის ფარგლებშიც 20 მილიონი გამოიყო. პროექტის ფარგლებში პირველ ეტაპზე მოხდა ნიკეას ნაგავსაყრელის დახურვითი სამუშაოების წარმოება. მართალია, ნარჩენები ახლაც შედის ნაგავსაყრელზე, მაგრამ არ ხდება მისი დაწვა და მოსახლეობას პრობლემები არ ექმნება. რაც შეეხება ახალ ნაგავსაყრელს, მიმდინარეობს სამუშაოები და ევროსტანდარტების შესაბამისად მოწყობა. დაცულია 500-მეტრიანი ბუფერული ზონა, ასევე მოეწყობა რეკრეაციული ზონა", – განაცხადა შოთა მურღულიამ.