ენერგორესურსების წარმოებაში 77.7% ელექტროენერგიას უკავია

საქსტატი ენერგორესურსების მოხმარების 2023 წლის გამოკვლევის ოფიციალურ შედეგებს აქვეყნებს. ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ქვეყანაში გაიზარდა როგორც ელექტროენერგიის, ასევე ნედლი ნავთობის, ქვანახშირის, ბუნებრივი გაზისა და შეშის წარმოება.

უფრო კონკრეტულად, 2023 წელს საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება, წინა წელთან შედარებით, 1%-ით გაიზარდა და 14 395.8 მლნ კილოვატსაათი შეადგინა.

ამავე პერიოდში ქვეყანაში მოპოვებულია 38.9 ათასი ტონა ნედლი ნავთობი (ზრდა 6.3%), 148.0 ათასი ტონა ქვანახშირი (ზრდა 1.2%) და 16.4 მილიონი მ3 ბუნებრივი გაზი (ზრდა 12.3%). რაც შეეხება შეშის წარმოებას, 2023 წელს წარმოება წლიურად 0.1%-ით გაიზარდა და 1 114.5 ათასი მ3 შეადგინა.

ენერგორესურსების წარმოებაში უდიდესი წილი (77.7%) მოდის ელექტროენერგიაზე. მეორე ადგილს იკავებს ბიოსაწვავი და ნარჩენებისგან წარმოებული ენერგია (13.1%), რომელიც ძირითადად წარმოდგენილია შეშის სახით, ხოლო დანარჩენი სახეობის ენერგორესურსები შედარებით დაბალი წილით ხასიათდება.

მერი ტაბატაძე