მასკს SpaceX-ის კოსმოდრომის ქალაქად გადაქცევა სურს

SpaceX-მა ტეხასის შტატში, კამერონის ოლქის მოსამართლეს სთხოვა, კომპანიის კოსმოდრომი, Starbase ქალაქად ოფიციალურად ეღიარებინა.

ამის შესახებ კომპანიის აქციონერ ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.

კერძოდ, მასკი წერს, რომ SpaceX ადგილობრივ მოსამართლეს სთხოვს არჩევნების ჩატარებას, რომ დადგინდეს, აქვს თუ ქალაქად გადაქცევის შესაძლებლობა კოსმოდრომ Starbase-ს, საიდანაც კომპანია რაკეტებს უშვებს.

პეტიციაში წერია, რომ „Starbase-ის ინკორპორაცია დააჩქარებს იმ პროცესებს, რომლებიც ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის არის საჭირო. ეს ამ რაიონს მსოფლიო კლასის საცხოვრებელ ადგილად აქცევს ასობით ადამიანისთვის, ვინც მას უკვე თავის სახლს უწოდებს, ასევე, მომავალი მუშაკებისთვის, რომლებიც კოსმოსში კაცობრიობის მომავლის აშენებას ცდილობენ.”

ამასთან, ილონ მასკმა თავის პოსტში SpaceX-ის სათაო ოფისის ახალ ოფიციალურ ადგილად კოსმოდრომი, Starbase უკვე ტეხასის შტატის ქალაქად მოიხსენია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ