შავი ზღვა ყველაზე დიდი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა?! - Greenpeace რუსული ნავთობტანკერების ჩაძირვაზე

ქერჩის სრუტეში ორი რუსული ნავთობტანკერის, Volgoneft 212-ისა და Volgoneft 239-ის ჩაძირვა შესაძლოა, შავ ზღვაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკოლოგიური კატასტროფა გახდეს და ფლორა-ფაუნას სერიოზულ შედეგებით დაემუქროს.

ამის შესახებ გარემოსდაცვითი საერთაშორისო ორგანიზაცია Greenpeace-ის განცხადებაში წერია.

Greenpeace-ის გარემოსდამცველები აცხადებენ, რომ ტანკერებიდან ზღვაში შესაძლოა, საწვავის, დაახლოებით, ნახევარი მოხვედრილიყო. კერძოდ, ქერჩის სრუტის წყლებში ორი ტანკერიდან, დაახლოებით, 4,3 ათასი ტონა მაზუთი და ნავთობპროდუქტები ჩაიღვარა.

ფედერაციის მთავრობა ზუსტ მაჩვენებელს არ ასახელებს და აცხადებს, რომ საწვავის გაჟონვის რაოდენობა დგინდება, ხოლო დაღვრის შედეგების აღმოსაფხვრელ სამუშაოებში 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. თუმცა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის საზღვაო ჰიდროფიზიკურ ინსტიტუტში ვარაუდობენ, რომ თითოეული ხომალდის დაზიანებული ავზებიდან ზღვაში, დაახლოებით, 1,5 ათასი ტონა მაზუთი გაჟონავდა.

აღსანიშნავია, რომ ეს Volgoneft-ის კლასის ტანკერებისთვის პირველი კატასტროფა არ არის. 2007 წელს ანალოგიური გემი იმავე ქერჩის სრუტეში ჩაიძირა და ზღვაში 1,600 ტონა მაზუთი ჩაიღვარა, რამაც ათეულობით კილომეტრის სანაპირო ზოლის დაბინძურება გამოიწვია. თუმცა, Greenpeace-ის შეფასებით, ახალი ავარია ბევრად უფრო სერიოზულია.

ცნობისთვის: კვირას, ქერჩის სრუტეში შტორმის დროს რუსული ნავთობტანკერების ჩაძირვისას Volgoneft 212-ზე ერთი ადამიანი დაიღუპა და 11 საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო Volgoneft 239-ის მთელი ეკიპაჟის, ანუ 14 ადამიანის ევაკუაცია შესაძლებელი გახდა. ჩაძირული ტანკერები 40 წელზე მეტი ხნისაა. ისინი მდინარის ტანკერებად იყვნენ დაპროექტებული, რომლებსაც სანაპირო ზღვის ზონებში შეზღუდული წვდომა მხოლოდ წყნარი ამინდის პირობებში ჰქონდათ. ავარიის ძირითად ვერსიად ეკიპაჟის შეცდომა და შტორმის პრიობებში გემის კორპუსების გადაჭარბებული დატვირთვა სახელდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ