„ამ დღეების განმავლობაში უმნიშვნელო ინტერვენცია გახდა საჭირო ლარის კურსის სტაბილურობისთვის“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ამავე დროს, კობახიძე ამბობს, რომ ეროვნულმა ბანკმა არსებითი ინტერვენციების გარეშე მოახერხა ლარის სტაბილურობის შენარჩუნება. მისი თქმით, ქვეყანაში „პოლიტიკური მდგომარეობა დასტაბილურდა“, რასაც მოჰყვა ლარის სტაბილურობა.
„რეალურად ამ დღეების განმავლობაში უმნიშვნელო ინტერვენცია გახდა საჭირო. ეს არის რაც შემიძლია გითხრათ, დეტალურად ეროვნული ბანკი გაგცემთ პასუხს. ეროვნული ბანკი ახერხებს არსებითი ინტერვენციების გარეშეც ლარის კურსის სტაბილურობის უზრუნველყოფას. როგორც კი პოლიტიკური ვითარება დასტაბილურდა, ლარის კურსმა თვითონ დაიწყო დასტაბილურება“, - განაცხადა კობახიძემ პრესკონფერენციაზე.
ამასთანავე, კობახიძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, ტურისტულ სექტორში არსებული პრობლემებისა და გაუქმებული ჯავშნების შესახებ და თქვა, რომ „განსაკუთრებული შფოთვის საგანი არ არსებობს“.
„ეს იყო რადიკალური ოპოზიციის მიზანი, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მოკლევადიანი პრობლემა შეექმნა. მათ ხელისუფლება ვერ გადაატრიალეს, თუმცა მოკლევადიანი პრობლემები შექმნეს. როდესაც ომის იმიტაციას ხედავს უცხოელი საქართველოში, მცირდება იმის მოტივაცია, რომ ესტუმრონ ჩვენს ქვეყანას და ჩადონ ინვესტიციები. თუმცა ეს მოკლევადიანია.
იგივე ხდებოდა ლარის კურსთან მიმართებით, როდესაც იყო ეს ვითარება, ლარის კურსი გაუარესდა, იყო დევალვაცია, მაგრამ როგორც კი დასტაბილურდა სიტუაცია, მაშინვე დაიწყო ლარის კურსმა სტაბილურობა, იგივე მოხდება ყველა სხვა მიმართულებით. როგორც კი რადიკალური ოპოზიცია შეწყვეტს საბოტაჟს, ყველაფერი დასტაბილურდება. განსაკუთრებული შფოთვის საგანი არ გვაქვს“, - ამბობს კობახიძე.
შეგახსენებთ, 28 ნოემბერს მთავრობის მიერ გაკეთებულ განცხადებას, შეაჩეროს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესი და უარი თქვას ფინანსურ დახმარებაზე, მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეები 20 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებას და დაკავებულების გათავისუფლებას.
პროტესტს უერთდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, შეიქმნა არაერთი პლატფორმა, სადაც ბიზნესები საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ და აღნიშნავენ, რომ ქვეყანა მიდის „რუსეთის გზაზე“, რაც ქვეყანას და მის ეკონომიკას კრიზისამდე მიიყვანს. მოსახლეობა და ბიზნესი მოითხოვს, რომ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს.