"მეგობრებო, გაგიკვირდებათ და ისევ დავბრუნდი, მაგრამ ამჯერად 450 თანამოაზრე კომპანიასთან ერთად და 350 რეგისტრაციის მოლოდინშია",- ამის შესახებ ბიზნესმენი, „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელი კახა ხაზარაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
საუბარია, პლატფორმა Freebusiness.ge-ზე, რომელიც 15 დეკემბერს შეიქმნა და ხელმომწერთა რაოდენობა სულ უფრო მზარდია.
ვებ-გვერდზე წარმოდგენილი ბიზნესები ახალი არჩევნების ჩატარებასა და ახალ წლამდე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.
"მეგობრებო, გაგიკვირდებათ და ისევ დავბრუნდი, მაგრამ ამჯერად 450 თანამოაზრე კომპანიასთან ერთად და 350 რეგისტრაციის მოლოდინშია. მერწმუნეთ, ჩვენ, ბიზნესი დიდი ძალა ვართ, ძალა, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს და მართავს ქვეყნის ეკონომიკას. ძალა, რომელსაც მოაქვს კეთილდღეობა და საფუძველს უყრის ქვეყნის ეკონომიკას. შემოგვიერთდით www.freebusiness.ge ზე და ერთად გამოვიყვანოთ ქვეყანა ამ კრიზისიდან. ძალა ერთობაშია. ერთობა კი ქვეყნის სიყვარულში. ერთად ავაშენოთ ახალი, თავისუფალი, დამოუკიდებელი და წარმატებული ქვეყანა. გვიყვარდეს ერთმანეთი, წყენა გავატანოთ წარსულს და ვიფიქროთ მომავალზე",- წერს კახა ხაზარაძე.
ცნობისთვის, ამ დროისთვის 500-ს გადააჭარბა იმ კომპანიების რაოდენობამ, რომლებიც გუშინ შექმნილ, თავისუფალი ბიზნესის პლატფორმაზე, Freebusiness.ge, დარეგისტრირდნენ. ვეგ-გვერდზე წარმოდგენილი კომპანიები ეხმაურებიან მიმდინარე მოვლენებს და აცხადებენ, რომ არსებული კრიზისი ქვეყანას ეკონომიკური პრობლემების წინაშე დააყენებს.
„არსებული კრიზისი გასცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს, რაც გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. აუცილებელია ვითარების რაც შეიძლება სასწრაფო დეესკალაცია. დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების განმავლობაში დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე განთავისუფლება.
ჩვენ, ქართული ბიზნესის წარმომადგენლები, ვართ რა პასუხისმგებელნი ქვეყნის ბედზე და მის შეუქცევად განვითარებაზე, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციებისა ხელს ვაწერთ ამ მოწოდებას და განცხადებას“, - აღნიშნულია თავისუფალი ბიზნესების პლატფორმაზე.