„სანქცირებულ მთავრობას არავინ დაელაპარაკება - არ შეიქმნება აღარცერთი პროექტი, რომელსაც კეთილდღეობა უნდა აემაღლებინა“

ძალიან დიდი სიბრიყვეა, როდესაც სანქციების შედეგების რომელიმე ქვეყანაში მოგზაურობამდე დაყვანა ხდება - ამის შესახებ კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, სანქცირებულ მთავრობას ევროპიდან და შეერთებული შტატებიდან არავინ დაელაპარაკება და არ შეიქმნება აღარც ერთი პროექტი, რომელსაც მოქალაქეების კეთილდღეობა უნდა აემაღლებინა.

„ძალიან დიდი სიბრიყვეა, როდესაც სანქციების შედეგების რომელიმე ქვეყანაში მოგზაურობამდე დაყვანა ხდება. პრობლემა ის კი არ არის, რომ ეს ჩვენი ფულით ხელფასგადახდილი ადამიანები მაგალითად ტალინში, ვილნიუსში ან ნიუ-იორკში ვერ გაატარებენ შვებულებას ან შვილებს იქ ვერ ასწავლიან. გასაგებია, რომ მათ ეს არ ადარდებთ: დუბაიში, პეკინში, გოაზე წავლენ და იქ დახარჯავენ შენი გადასახადებით კანონიერად თუ უკანონოდ მიღებულ შემოსავალს.

პრობლემა ის არის, რომ სანქცირებულ მთავრობას არავინ დაელაპარაკება ევროპიდან და შეერთებული შტატებიდან, არ შეიქმნება და განვითარდება აღარცერთი პროექტი, რომელსაც შენი კეთილდღეობა უნდა აემაღლებინა, ჯანმრთელობა უნდა მოეტანა, უფლებები უნდა დაეცვა, არ შედგება მოლაპარაკებები ტერიტორიული მთლიანობის არათუ აღდგენაზე, შენარჩუნებაზეც კი, არ გაგრძელდება თავდაცვის ძალების, პოლიციის, უსაფრთხოების განვითარების პროექტები.

ეს სანქცირებული ხალხი შენი ფულის ხელფასად მიღებით თუ მოპარვით ისევ გააგრძელებს გამდიდრებას, პერიოდულად გცემს, ფუნდამენტურ უფლებებს შეგიზღუდავს და შენი მშველელი არავინ იქნება. თავად ეს ძალიან კარგად იციან, უბრალოდ შენ გატყუებენ, დიდად არ ვდარდობ, ისეთი მაგარი ქართველი ვარ, არც ვაპირებდი სადმე გამგზავრებასო“, - წერს ანდრო გოცირიძე.

შეგახსენებთ, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებსა და თანამდებობის პირებს ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობის, დემოკრატიისა და ადამიანთა უფლებების დარღვევისთვის სანქციები მიმდინარე წლის 1-ელ დეკემბერს დაუწესეს.

მოგვიანებით, 7 დეკემბერს, ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონმა განაცხადა, რომ „საუკეთესო ნაბიჯი რუსი ოლიგარქის, ივანიშვილისა და მისი მარიონეტული ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების დაწესება იქნებოდა“.

15 დეკემბრის გადაწყვეტილებით ესტონეთმა კიდევ 14 პირის წინააღმდეგ დააწესა სანქციები. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას რამდენიმე საათში მოჰყვა ლიეტუვას საგარეო უწყების მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ სანქციები დამატებით 17 პირს დაუწესეს.

ამასთანავე, 16 დეკემბერს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.

მისი თქმით, ქართველი ხალხისთვის სიტუაცია პოზიტიური მიმართულებით არ ვითარდება, რის საპასუხოდაც, ევროკავშირმა პოლიტიკური კონტაქტები უკვე შეამცირა და ევროკომისია უკვე წელსვე ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე წინადადებას წარადგენს.

ბრიუსელის ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე, რომელმაც დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას სიმბოლური და ანტიქართული უწოდა.

მერი ტაბატაძე