"არ დაგვრჩა არავითარი გზა კლუბის გადასარჩენად - ამავდროულად, ვაგრძელებთ თავისუფლებისათვის მებრძოლი ადამიანების მხარდაჭერას" - KHIDI

"სამი კვირის განმავლობაში საკლუბო ღამეების შეწყვეტის შემდეგ, პარასკევს, 20 დეკემბერს KHIDI BITE RECORDS-ის ღამით გაიხსნება", -ამის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადებას ღამის კლუბი ავრცელებს.

როგორც KHIDI-ის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში ვკითხულობთ, მას შემდეგ, რაც ნოემბერში კლუბი დაიხურა და გაუქმდა ექვსი ივენთი, კლუბმა დაკარგა შემოსავალი. ამასთან, ბიზნესი აღნიშნავს, რომ უწევს გაუმკლავდეს გაზრდილ საბანკო სესხს, რომელსაც კლუბი ყოველთვიურად იხდის.

თუმცა, KHIDI-ის განმარტებით, ისინი პარალელურად გააგრძელებენ თავისუფლებისათვის მებრძოლი ადამიანების მხარდაჭერას.

„ძალიან გაგვიჭირდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება, რადგან ვიცით, რომ ახლა უმნიშვნელოვანესია თითოეული ჩვენგანის მაქსიმალური რესურსი მოხმარდეს იმ პროტესტს, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა არ დაგვრჩა არავითარი გზა კლუბის გადასარჩენად. ამავდროულად, ჩვენ ვაგრძელებთ თავისუფლებისათვის მებრძოლი ადამიანების მხარდაჭერას და უწყვეტად გავაგრძელებთ საპროტესტო მოძრაობაში მონაწილეობას ხელისუფლების მიერ წარმოებული რეპრესიების წინააღმდეგ

მას შემდეგ, რაც ნოემბრის თვეში დავხურეთ კლუბი, გავაუქმეთ ექვსი ივენთი. გარდა იმისა, რომ კლუბმა დაკარგა შემოსავალი, რომელიც მისი არსებობისათვის არის აუცილებელი, დახურვა ასევე გულისხმობს დამატებით ხარჯებს. ამასთან, გვიწევს გავუმკლავდეთ გაზრდილ საბანკო სესხს, რომელსაც კლუბი ყოველთვიურად იხდის

სანამ საკლუბო ღამის ჩატარების გადაწყვეტილებას მივიღებდით, რომელიც უკიდურეს ალტერნატივად მიგვაჩნდა, კლუბის შენარჩუნება ვცადეთ დონაციის საშუალებით. გამომდინარე აქედან, გვსურს, მადლიერება გამოვთქვათ თითოეული ადამიანის წინაშე, რომელმაც ხელი შეგვიწყო, გაიზიარა ჩვენი პრობლემა და მცირედით მაინც დაეხმარა კლუბს, თუმცა, სამწუხაროდ, დონაცია საკმარისი არ არის იმისათვის, რომ კლუბმა გააგრძელოს არსებობა

KHIDI შედგება მისი თანამშრომლებისა და რეზიდენტებისაგან, რომლებიც რჩებიან შემოსავლის გარეშე, რაც თავის მხრივ მათ ტოვებს უამრავი გამოწვევისა და სირთულის წინაშე. აღსანიშნავია კლუბის თანამშრომლები LGBTQ+ თემიდან, რომლებსაც განსაკუთრებით მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება, რომელთა ფუნდამენტური უფლებები აბსოლუტურად უგულებელყოფილია. ჩვენი, როგორც კლუბის მოვალეობაა, რომ დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამდენი წლის განმავლობაში KHIDI-ს შენებასა და ფუნქციონირებას განაპირობებენ

KHIDI ჯერ-ჯერობით მხოლოდ პარასკევს, 20 დეკემბერს გაიხსნება. სხვა საკლუბო ღამეების ჩატარება-არ ჩატარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას კი უახლოეს მომავალში შეგატყობინებთ. იმავდროულად, KHIDI-ს თანამშრომლები და რეზიდენტები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში არიან ჩართულები წინააღმდეგობრივ მოძრაობაში, უწყვეტად გააგრძელებენ ბრძოლას ქვეყნის თავისუფლებისათვის, რომელიც აშკარა საფრთხის წინაშე დგას",- წერს KHIDI.

ნინი ქეთელაური