პაატა ზაქარეიშვილი - სანქციები კარგი და აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისი

ქართველმა ხალხმა ისეთი რამ უნდა გააკეთოს, რომ ევროპამ დაინახოს, ევროკავშირს დღევანდელ ხელისუფლებასთან ფლირტი კარგს არაფერს მოუტანს და კრიზისი უფრო გაღრმავდება - ის, რისიც “ქართულ ოცნებას” ეშინია, ქართველი ხალხია. ცდილობენ, თარიღიდან თარიღამდე გაწელონ დრო, ეგონათ, ყინვები უშველიდა, მაგრამ აქციები ყინვაგამძლე აღმოჩნდა, - ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა საქართველოში მიმდინარე პროტესტზე და ასევე, დიპლომატიური პასპორტის მფლობელთათვის მოსალოდნელ სავიზო შეზღუდვებთან დაკავშირებით ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, სანქციები და მსგავსი მეთოდები კარგი და აუცილებელია, „მაგრამ არასაკმარისი“.

„ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი თავის პრინციპებზე დგას და მისთვის მნიშვნელოვანია, საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ, დემოკრატიის და კონსტრუქციულ გზას. ამიტომ, ამ სანქციებს, უპირველესად, უფრო მეტად სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, რომ ევროკავშირი არ აპირებს წაუყრუოს და ვერ დაინახოს, რა ხდება საქართველოში. ხედავს მიზეზს, იმ ხალხს, ვინც ამას ახორციელებს - ეს არ არის ქართველი ხალხი, ეს არის ხელისუფლება, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება გაყალბებული არჩევნების გზით, ამიტომ ცდილობს მაქსიმალურად გამოყოს როგორმე საზოგადოებიდან ეს ხალხი და უშუალოდ ფოკუსირებულად მოხდეს მათი დასანქცირება, რაც ნამდვილად, იმსახურებს შექებას და ყურადღებას, რომ ნამდვილად სწორად იქცევიან, მაგრამ ეს საკმარისი არაა. „ქართულმა ოცნებამ“ იმიტომ კი არ აარიდა თავი ევროკავშირს, რომ შეეშალა, გზა აერია. არა - მათ ეს შეგნებულად გააკეთეს. ქართველი ხალხის პროტესტი არის მკაფიო, ცალსახა და სამართლიანი და მათი გზა არის მათ მიერ არჩეული, შეცდომა არაა. ამიტომ ისინი ["ქართული ოცნება"] არ აპირებენ თქვან: "უი, შეგვშლია რაღაც, დიდი ბოდიში, ახლავე გამოვასწორებთ". გამორიცხულია. ისინი პრინციპულად განაგრძობენ თავის გზას რუსეთისკენ, გზას არა ევროპისკენ, რაც ავტომატურად გულისხმობს რუსეთს. შესაბამისად, ასეთი მეთოდები [სანქციები] კარგია, აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისია.

უნდა იგრძნონ, რომ საზოგადოებას ვეღარ მოატყუებენ იმით, რომ ეკონომიკური აღმავლობაა. საქართველოს ეკონომიკური წარმატება დამოკიდებულია ევროპასა და ამერიკაზე, მათ მხარდაჭერაზე და იმაზე, რომ რაღაცებზე თვალებს ხუჭავენ, საჭიროა შეირყეს მითი, რომ ისინი სუვერენულ სანქციებს ახორციელებენ. ყველაფერი, რაც საქართველოსთან მიმართებით დადებითი ხდება და დინამიკა, პროგრესი, რაც საქართველოში არსებობს, ევროკავშირთან და აშშ-სთან კარგი ურთიერთობის შედეგი იყო. მათ უნდათ, რომ ეს ყველაფერი შეინარჩუნონ. „ქართული ოცნება“ სპეკულირებს რაზე - „დემოკრატია, ჯანდაბას, არ გამოგვდის, არც ჩვენ გვჯერა ამის, მაგრამ სტაბილურობა ხომ არის?“ სტაბილურობა უნდა იყოს შერყეული. ქართველმა ხალხმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ევროპას შეატყობინონ, რომ ესენი ვერ ფლობენ სიტუაციას. პარალიზებული უნდა იყოს მთლიანად საქართველო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავისი მეორე ლეგენდა ვერ გაყიდოს - "კარგი, ჯანდაბას დემოკრატიაში ყველაფერი კარგად არ გვაქვს, მაგრამ სტაბილურები ვართ". აშკარად ჩანს, რომ ევროპა ცდილობს, საქართველოსთან შეინარჩუნოს ურთიერთობები სტაბილურობის გამო. აზერბაიჯანთან ურთიერთობები არ აქვს? ფონ დერ ლაიენი ჩასული იყო ბაქოში და შეაქო ხელისუფლება, რომელსაც ევროკავშირივე თვლის არადემოკრატიულად. რა, კონტაქტები არ აქვთ უზბეკეთთან, თურქმენეთთან, თუ რა?! საქართველო ხდება ბანალური, ტიპური პოსტსაბჭოთა სახელმწიფო. ჩამოგვართმევენ ხელს არა როგორც სახელმწიფოს, რომელიც ევროკავშირში მიდის (მორჩა, ეს კარი ჩვენ თვითონ ჩავკეტეთ) არამედ როგორც ერთ-ერთი ავტოკრატიულ სახელმწიფოს, რომელიც დედამიწაზე 80%-ზე მეტია. ერთადერთი, რაც მათ ასეთი სახელმწიფოებიდან სჭირდებათ, სტაბილურობაა. დღეს საქართველოში უნიკალური შანსია, რომ სტაბილურობას ეჭვი შეეპაროს. ეს ქართველ ხალხზეა დამოკიდებული. კარგია [სანქციები], მაგრამ ეს საკმარისი არაა, რადგან მგონია, რაღაც ფორმით გამოძვრებიან “,- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

კითხვაზე, კიდევ რა უნდა გააკეთონ პროტესტში მონაწილე ადამიანებმა, ზაქარეიშვილი ამბობს, რომ თბილისის ბლოკირება უნდა მოხდეს.

„თბილისის ბლოკირება - წარმოდგენა არ მაქვს ვინ აორგანიზებს, მაგრამ აღტაცებული ვარ, ბრწყინვალედ აკეთებენ, მაგრამ რუსთაველის გამზირზე "რობოკოპები" რამდენია - 1000-2000? უნდა გაშალო მათი ენერგია, სხვადასხვა რეგიონში უნდა გადაიყვანო. თბილისი გრძელი ქალაქია და იოლია, 4-5 ადგილზე ადამიანები გამოიყვანო და ბლოკირება მოახდინო ქალაქის. ასევე, მუდმივად დაბლოკო ავტობანი, ჩართო ბათუმელები, ქუთაისელები, ფოთელები და ჩაკეტო სამტრედიის კვანძი, უნდა აჩვენო, რომ ეს ხელისუფლება სტაბილურობას ვერ მართავს. თორემ, ასე ნამდვილად მივდივართ რუსეთში და ევროკავშირი არ იქნება მზად, ჩვენი ბილეთის ფული გადაიხადოს რუსეთის გზაზე“,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

რარც შეეხება „ქართული ოცნების“ განცხადებებს, რომ პარტნიორებთან ურთიერთობები დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ გადაიტვირთება, ზაქარეიშვილი ამბობს, რომ მმართველ პარტიას ქუჩაში მყოფი ქართველი ხალხის ეშინია და ისინი „მუდმივად ხტუნაობენ თარიღიდან თარიღამდე“.

„შეიძლება მათთვის რამე კარგი მოხდეს, მაგრამ 20 იანვარი რატომ აიჩემეს? 20 იანვარი არის ინაუგურაციის დღე. მათ რა ჰგონიათ, რომ ინაუგურაციის ტექსტში საქართველო წერია? საქართველო კი არა შტატი Georgia-ც კი არ წერია. აჩემებული 20 იანვარი ნიშნავს იმას, რომ მათ ეშინიათ ქართველი ხალხის ქუჩში, რადგან ისინი მუდმივად ხტუნაობენ თარიღიდან თარიღამდე. ევროკავშირში არშესვლაზე გამოაქვეყნეს, მიიღეს ცხვირ-პირში. შემდეგ დე-ფაქტო პრეზიდენტის არჩევა იყო, შემდეგ მისი ინაუგურაცია, ახალი წელი, შობა, ძველით ახალი წელი, შემდეგ იქნება ნათლისღება, შემდეგ მოვა ინაუგურაცია და ასე - ცდილობენ, თარიღიდან თარიღამდე გაწელონ დრო. ეგონათ, ყინვები უშველოდა, მაგრამ ეს აქციები ყინვაგამძლე აღმოჩნდა. ის, რისიც "ქართულ ოცნებას" ეშინია, ქართველი ხალხია. არ ყოფნით "რობოკოპები". არ შეუძლიათ, როგორც ლუკაშენკოს, შემოიყვანოს რუსულენოვანი პოლიცია, გადააცვას ბელორუსული ფორმა, აცემინოს და მოაკვლევინოს ბელორუსი ხალხი. თუ არაქართულად საუბრობს პოლიციელი, ადგილზე დაიმარხება ასფალტში. ცოტა ჰყავთ, ცოტა ადამიანი იყიდება ათას თუ 2 ათას ლარზე. რესურსები არ გააჩნიათ, რესურსი გვაქვს ხალხს და ეს რესურსები ეფექტიანად უნდა იყოს გამოყენებული“,- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.