შემოსავლების სამსახურმა გაფორმების ეკონომიკურ ზონაში - "ფოთი" ავტომანქანის ნაწილების გაფორმების პროცედურები შეაჩერა

შემოსავლების სამსახურმა გაფორმების ეკონომიკურ ზონაში - "ფოთი" ავტომანქანის ნაწილების გაფორმების პროცედურები შეაჩერა, - ამის შესახებ შემოსავლების სამსახურში განაცხადეს.

"შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გაფორმების მთავარი სამმართველოს გაფორმების ეკონომიკური ზონის "ფოთის" თანამშრომლებმა კომპანიის მიერ 30 ივნისს იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებული 1635 ლარის ღირებულების საქონლის - 330 ცალი ავტომანქანის შუასადებისა და 100 ცალი ავტომანქანის ჩობალის - გაფორმების პროცედურები შეაჩერეს. აღნიშნული საქონელი ნიშანდებულია "Elring"-ის სასაქონლო ნიშნით, რომელიც, სავარაუდოდ, წარმოებულია შემოსავლების სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეესტრში შეტანილი სასაქონლო ნიშნის მფლობელის უფლებების დარღვევით", - ნათქვამია განცხადებაში.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, "ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საბაჟო დეპარტამენტმა საქონლის გაფორმების პროცედურები 10 სამუშაო დღით შეაჩერა. ინფორმაცია საქონლის შეჩერების შესახებ საქონლისა და სასაქონლო ნიშნის მფლობელებს ეცნობათ.