"ხარჯების 160 მილიონით შემცირება ადეკვატურია იმისა, რა საჭიროებებიც ბიუჯეტს უდგას"

ზოგიერთ ექსპერტს შესაძლოა, სურს, რომ პენსიები არ გავცეთ და სოციალური პროგრამები შევაჩეროთ, მაგრამ ამას არ დავუშვებთ, - ასე პასუხობს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ექსპერტთა ნაწილის მოსაზრებას, რომ 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირების შედეგად ხარჯები მნიშვნელოვნად არ შემცირებულა.

როგორც კაკაურიძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე ჟურნალიტებს განუცხადა, ხარჯების 160 მილიონით შემცირება ადეკვატურია იმისა, რა საჭიროებებიც "ბიუჯეტს უდგას".  "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების შემცირება იწვევს საგადასახადო შემოსავლების შემცირებას და შესაბამისად, ჩვენ მოვიძიეთ ალტერნატიული წყაროები, რათა დანაკლისი, რაც საგადასახადო შემოსავლების შემცირებით მივიღეთ, დავაბალანსოთ. ეს არის მეოთხე თაობის ლიცენზიები, დამატებითი გრანტები და შემოსავლების სხვა წყაროები. რაც შეეხება ექსპერტების მოსაზრებას, შესაძლოა, ზოგიერთ ექსპერტს სურს, რომ პენსია არ გავცეთ ან სოციალური პროგრამები შევამციროთ, თუმცა ამას, რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ. ხარჯვითი ნაწილის დაახლოებით 160 მილიონიანი შემცირება, რაც ჩვენ მოვახდინეთ, სრულიად საკმარისია და ადეკვატურია იმის, რა საჭიროებებიც უდგას ბიუჯეტს იმისთვის, რომ მოემსახუროს საგარეო ვალდებულებებს, ასევე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიმართოს თანხები", - განაცხადა კაკაურიძემ.

რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად არის ბიუჯეტის ახალი ფისკალური პარამეტრები სავალუტო ფონდთან შეთანხმებული, ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ბიუჯეტის კორექტირება სავალუტო ფონდის რეკომენდაციების გათვალისწინებით მოხდა.  "სავალუტო ფონდის რეკომენდაციები, დამიჯერეთ, ძალიან კარგად გვაქვს გავლილი. მთავარი რეკომენდაციები იყო არა უბრალოდ ხარჯების შემცირება, არამედ საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება. ჩვენ შინაარსობრივად შევცვალეთ ხარჯები და, საბოლოო ჯამში, გვაქვს საბიუჯეტო დეფიციტი 3 პროცენტის ფარგლებში. ბიუჯეტის ახალი ფისკალური პარამეტრები სავალუტო ფონდთანაც შეთანხმებული გვაქვს", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.