დავით სერგეენკოს განმარტებით, სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობა შრომის ინსპექციასთან კავშირში არ არის

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განმარტებით, სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობა შრომის ინსპექციასთან კავშირში არ არის. ამის შესახებ დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე, აფაქიძის ქუჩაზე მუშების დაღუპვის ფაქტის კომენტირებისას, იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შრომითი უფლებების ინსპექტირება.  "შრომის ინსპექცია რამდენიმე თვეა შექმნილია. მისი დაკომპლექტება, თანამშრომლების მომზადება მიდის გაწერილი გეგმის მიხედვით, თუმცა მინდა ყველას ვთხოვო, შრომის ინსპექციას რაღაც ყოვლისშემძლე ფუნქციებს ნუ მიაწერენ, ტექნიკური ზედამხედველობა (ამ შემთხვევაში, დიდი ალბათობით ეს იყო მიზეზი) არის სხვა მიმართულება, ხოლო შრომის ინსპექცია სხვაა", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისივე თქმით, შრომის ინსპექციის ფუნქციებში შედის ტრეფიკინგის მსხვერპლთან მუშაობა, პერსონალური უსაფრთხოების დაცვა და არა სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობა.