თრუსოს დაცულ ლანდშაფტში შეზღუდვები წესდება. შესაბამისი დადგენილება უკვე გამოცემულია. კერძოდ, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ კანონის თანდართული ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცდა, რომელიც გულისხმობს - „თრუსოს დაცული ლანდშაფტის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესს“.
უფრო კონკრეტულად, აღნიშნული წესი არეგულირებს თრუსოს დაცულ ლანდშაფტში 7007 ჰექტარ ფართობზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვისა და გამოყენების საკითხებს.
ცნობისთვის, თრუსოს დაცული ლანდშაფტი მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და მოიცავს თრუსოს ხეობას.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, თრუსოს დაცულ ლანდშაფტში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა გარდა:
ა) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოებისა;
ბ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვისა;
გ) ფეხითა და ცხენით გადაადგილებისა;
დ) გზებზე უმატორო და მოტორიანი ტრანსპორტით გადაადგილებისა;
ე) ვიზიტორთა ყოფნა-გადაადგილებისა;
ვ) გზების მოვლის, ბილიკების მოვლისა და მოწყობისა;
ზ) საკადასტრო სამუშაოების საქმიანობისა;
თ) დაცვისა და მოვლის ღონისძიებებისა;
ი) გარემოსა და ისტორიული და კულტურის ძეგლების დაცვისა, მოვლა-პატრონობისა და აღდგენისა;
კ) არამანიპულაციური და მანიპულაციური მეცნიერული კვლევის ჩატარებისა;
ლ) ბუნებრივი ეკოსისტემებისა და მათ ფარგლებში ბუნებრივად გავრცელებული სახეობების კონსერვაციისა და აღდგენისა;
მ) რეკრეაციული, ტურისტული და საგანმანათლებლო საქმიანობების განხორციელებისა;
ნ) განახლებადი ბუნებრივი რესურსებით მდგრადი სარგებლობისა;
ო) ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების განხორციელებისა, მათ შორის, მხოლოდ თრუსოს დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობის განსახორციელებლად არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსით (ფიქლის ქვით) სარგებლობა;
პ) ტურიზმისა და თრუსოს დაცული ლანდშაფტის განვითარებისა და დაცვისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობისა;
ჟ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობისა, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობისა, მათ შორის, არაუმეტეს 6 მეგავატი სიმძლავრის მცირე ჰიდროელექტროსადგურებისა და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობისა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად და ტურიზმისა და რეგიონის განვითარების ხელშეწყობისთვის, თრუსოს დაცული ლანდშაფტის ვიზუალური მხარის შეუცვლელად;
რ) სტიქიური უბედურებების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებისა;
ს) ადგილობრივი მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფისა;
ტ) სპორტული და სამოყვარულო თევზჭერისა;
უ) სასაზღვრო ზონასა და ზოლში, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საზღვრის დაცვისათვის დადგენილი საქმიანობისა;
ფ) სახელმწიფო თავდაცვის მიზნებიდან გამომდინარე საქმიანობისა;
ქ) საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დაშვებული სხვა საქმიანობების განხორციელებისა.
დადგენილების მიხედვით, „თრუსოს დაცული ლანდშაფტი შექმნილია ეროვნული მნიშვნელობისა და დიდი ესთეტიკური ღირებულების მქონე ბუნებრივი ლანდშაფტის, ასევე, ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ჰარმონიული ურთიერთობის შედეგად ჩამოყალიბებული ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტის დასაცავად, სასიცოცხლო გარემოს შესანარჩუნებლად, რეკრეაციული, ტურისტული და ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების განსახორციელებლად“.