2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 21.112 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.6 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 6.010 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 7.9 პროცენტით), ხოლო იმპორტი 15.101 მლრდ აშშ დოლარს (გაიზარდა 6.1 პროცენტით). საქსტატის მონაცემებით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში, 9.090 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.1 პროცენტია.
ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 81.7 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (1.166. მლრდ აშშ დოლარი), ყაზახეთი (795.4 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (664.4 მლნ. აშშ დოლარი).
2024 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა კი საქართველოს მთლიან იმპორტში 70.0 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (2.500 მლრდ აშშ დოლარი), აშშ (1.828 მლრდ აშშ დოლარი) და რუსეთი (1.635 მლრდ აშშ დოლარი).
რაც შეეხება უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს, საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.2 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (2.939 მლრდ აშშ დოლარი), რუსეთი (2.269 მლრდ აშშ დოლარი) და აშშ (1.965 მლრდ აშშ დოლარი).
2024 წლის იანვარ-ნოემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 2.218 მლრდ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 36.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 316.5 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 5.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპირტიანი სასმელები 270.4 მლნ.აშშ დოლარით (4.5 პროცენტი).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2024 წლის იანვარ-ნოემბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 3.082 მლრდ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 20.4 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1. 185 მლრდ აშშ დოლარით (იმპორტის 7.8 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 562.7 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 3.7 პროცენტი).