"აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პროექტებს საქართველოში სერიოზული პერსპექტივა აქვს"

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოში პროექტების განხორციელებას სერიოზული პერსპექტივა აქვს.

ამის შესახებ ხადურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც ჩინეთში ვიზიტის შედეგები შეაფასა. ხადურის თქმით, 28-29 ივნისს პეკინში ხელი მოეწერა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის დამფუძნებელ დოკუმენტს და დოკუმენტს ხელი მოაწერა 57 ქვეყანამ, მათ შორის ევროკავშირის პრაქტიკულად ყველა სახელმწიფომ. "ეს არის ახალი ბანკი, რომელიც მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას და საკმაოდ სერიოზული კაპიტალი ექნება. საუბარია 500 მილიარდ დოლარზე და მომავალში ამ თანხის ზრდას არ გამორიცხავენ", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისივე თქმით, გარდა ამისა მას ორმხრივი შეხვედრები ჰქონდა მათ შორის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრთან, რომელმაც დაადასტურა, რომ ჩინეთისთვის საქართველო არის ერთ-ერთი პრიორიტეტული ქვეყანა.  "ისინი მზად არიან ამ ბანკის მეშვეობით, ასევე სხვა ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით ხელი შეუწყონ ქვეყანაში ინფრასტრუქტურის განვითარებას. განსაკუთრებით ეს ეხება აბრეშუმის გზის პროექტის განხორციელებას. ჩვენ გვქონდა შეხვედრა პრეზიდენტთანაც და მანაც დაადასტურა, რომ აბრეშუმის გზა არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომელზეც ჩინეთი იმუშავებს მეზობლებთან ერთად", - განაცხადა ხადურმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ახლად დაფუძნებული ბანკი 24-25 აგვისტოს თბილისში ჩაატარებს მოლაპარაკებების რაუნდს და საქართველოს ეწვევა ბანკის გენერალური მდივანი. ხადურის ინფორმაციით, ჩინეთის მხარის თხოვნაა, რომ ბანკის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის რატიფიკაცია ქვეყნებმა დააჩქარონ და მთავრობა ინციატივით გამოდის, პარლამენტმა ეს საკითხი რიგგარეშე სხდომაზე გადაწყვიტოს. გარდა ამისა, ნოდარ ხადურის თქმით, ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ის თავის კორეელ კოლეგასაც შეხვდა, რომელიც სამხრეთ კორეაში საქართველოდან ღვინის ექსპორტის შესაძლებლობით დაინტერესდა.