შავი ზღვის დაბინძურებული სანაპირო ზოლის სიგრძე შესაძლოა, 100 კმ-მდე გაიზარდოს

ნავთობპროდუქტებით დაბინძურებული შავი ზღვის სანაპირო ზოლის სიგრძემ 18 დეკემბრის მდგომარეობით 49 კილომეტრს მიაღწია. ამის შესახებ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში წერია.

წინა დღით უწყებამ დაბინძურება 35 კმ-ით შეაფასა, ამდენად, 24 საათის განმავლობაში ეს მაჩვენებელი, თითქმის, ერთნახევარჯერ გაიზარდა.

რუსეთის ველური ბუნების დაცვის ცენტრი პროგნოზირებს, რომ დაბინძურებული სანაპირო ზოლის სიგრძე შესაძლოა, 100 კმ-მდე გაიზარდოს. მიზეზად სახელდება ის, რომ ჩაძირული ტანკერებიდან მაზუთის დროული ამოტუმბვა არ ხდება, რაც ხელს შეუწყობდა ემისიების არეალის გაფართოების შეჩერებას. 18 დეკემბრის მონიტორინგის მონაცემებზე დაყრდნობით, ცენტრის ეკოლოგები აცხადებენ, რომ ერთ-ერთი ტანკერიდან საწვავის ზღვაში გაჟონვა გრძელდება.

ექსპერტები გაფრთხილებას იძლევიან, რომ ანაპის მიმდებარედ მომავალი პლაჟის სეზონი შესაძლოა, ჩავარდეს. კერძოდ, ეკოლოგების შეფასებით, „ასეთი ნავთობპროდუქტები ქვიშაში შეიწოვება და მათი ამოღება მეტად ძნელია. გარეგნულად, პლაჟები შესაძლოა, საკმაოდ სუფთად გამოიყურებოდეს, თუმცა როცა მზე დააჭერს, მაზუთი აორთქლებას დაიწყებს.“

18 დეკემბრის დილისთვის ავარიის შედეგად ზღვაში ჩაღვრილმა საწვავმა ანაპის ცენტრალურ პლაჟს მიაღწია. თვითმხილველები სანაპიროზე მაზუთის მრავლობით ლაქებსა და ძლიერ უსიამოვნო სუნზე საუბრობენ.

ამასთან, ეკოლოგების ცნობით, მაზუთის ნაწილი შესაძლოა, ფსკერზე დაილექოს და შტორმის დროს დროდადრო ამოტივტივდეს. კერძოდ, შედედებულ მაზუთს წყალი ნაპირზე, სულ ცოტა, ზაფხულამდე დროდადრო გამორიყავს.

ცნობისთვის: 15 დეკემბერს ქერჩის სრუტეში შტორმის დროს ორი რუსული ნავთობტანკერი, Volgoneft-212 და Volgoneft-239 ჩაიძირა. გარემოსდაცვითი საერთაშორისო ორგანიზაცია Greenpeace-ის განცხადებით, ტანკერებიდან ზღვაში შესაძლოა, საწვავის, დაახლოებით, ნახევარი, ანუ 4,3 ათასი ტონა მაზუთი და ნავთობპროდუქტები მოხვედრილიყო, რაც, გარემოსდამცველების შეფასებით, შავ ზღვაში შესაძლოა, ერთ-ერთ ყველაზე დიდ ეკოლოგიურ კატასტროფად იქცეს და ფლორა-ფაუნას სერიოზულ შედეგებით დაემუქროს.

აღსანიშნავია, რომ ეს Volgoneft-ის კლასის ტანკერებისთვის პირველი კატასტროფა არ არის. 2007 წელს ანალოგიური გემი იმავე ქერჩის სრუტეში ჩაიძირა და ზღვაში 1,600 ტონა მაზუთი ჩაიღვარა, რამაც ათეულობით კილომეტრის სანაპირო ზოლის დაბინძურება გამოიწვია და ერთი წლის შემდეგაც კი წყალში ნავთობპროდუქტების კონცენტრაცია ნორმას ათჯერ აღემატებოდა.

თუმცა, Greenpeace-ის შეფასებით, ახალი ავარია ბევრად უფრო სერიოზულია.

უკრაინის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მონაცემებით, ავარიის შედეგად ზარალმა შესაძლოა, 14 მლრდ დოლარს მიაღწიოს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ