„ბიზნესები მოგვმართავენ იმ მიზნით, რომ ჩვენ ვიხდით გადასახადებს და არ გვინდა, დავაფინანსოთ ბიუჯეტი და აქციებზე ადამიანების ცემის წინაპირობა იყოს ჩვენივე ფული“ ,- ამის შესახებ იურისტმა აკაკი ჩარგეიშვილმა bpn.ge-სთან ისაუბრა.
როგორც ის განმარტავს, ბიზნესების მხრიდან გადახდებზე უარის თქმა შესაძლებელია, ისე, რომ კანონის ჩარჩოში მოექცეს. თუმცა, მას შემდეგ, რაც ბიზნესის წარმომადგენლები იგებენ, რომ ეს ნიშნავს გადასახადების დაყოვნებას რამდენიმე თვით და არა გადასახადებზე საერთოდ უარის თქმას, თავს იკავებენ, რადგან მაინც ხიფათის ქვეშ გრძნობენ თავს.
ცნობისთვის, აკაკი ჩარგეიშვილი კომპანიებს, რომლებიც უარს იტყვიან გადასახადების გადახდაზე, პროფესიულ საადვოკატო მხარდაჭერას უცხადებს.
„ბიზნესები მოგვმართავენ იმ მიზნით, რომ ჩვენ ვიხდით გადასახადებს და არ გვინდა, დავაფინანსოთ ბიუჯეტი და აქციებზე ადამიანების ცემის წინაპირობა იყოს ჩვენივე ფული. მე განმარტებას ვუკეთებ, რომ გადასახადების არ გადახდა არ შეიძლება, კრიმინალია და ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ დახმარება გადასახადების დაყოვნებაში რაღაც პერიოდით (იმედია, რომ ეს ყველაფერი მალე ჩაივლის და დასრულდება). ამას ვერ ვთავაზობთ ბიზნესებს ერთობლივად იმიტომ, რომ ყველა კომპანია არის ცალკე გადასახადის გადამხდელი, ამიტომ მათ განსხვავებული ბიზნეს აქტივობა აქვთ, რომელიც პირდაპირ უკავშირდება შესაბამის საგადასახადო სისტემის მოდელს. ანუ საგადასახადო ადმინისტრირებას.
როდესაც კონკრეტულ დისკუსიაში შევდივართ და დაყოვნებაზე ვსაუბრობთ, ბიზნესები გარკვეულწილად ფრთხიან, მათ აინტერესებთ რა მოხდება, თუ გადასახადს არ გადაიხდიან. ჩვენ ვუხსნით, რომ თუ არ გადაიხდი, ეს არის კრიმინალი, მაგრამ შეიძლება რაღაც პერიოდი დააყოვნო, რაც იმდენად მომხიბვლელი ბიზნესისთვის აღარ არის. მაინც ხიფათის ქვეშ თვლიან თავს.
ამ საკითხზე ჩვენთან კონსულტაცია ძალიან ბევრმა ბიზნესმა გაიარა, მაგრამ მათგან გადასახადების დაყოვნების პროცესი ჯერ არავის დაუწყია.
ჩვენი შეთავაზება ძალაშია მანამდე, სანამ აქციები არ დასრულება და ვითარება არ გამოსწორდება. თორემ, პირიქით, შემდეგ მეტი ფინანსები, მეტი მდგრადობა სჭირდება ქვეყანას და ბიზნესს აქტიურობაში უნდა დავეხმაროთ“,- ამბობს აკაკი ჩარგეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ უკვე 22 დღეა არა მხოლოდ თბილისში, რეგიონებშიც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამის მიზეზი პრემიერ მინისტრის განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც მთავრობა ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს. როგორ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამავე პერიოდამდე შეჩერებულია ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხიც.