ოქროს რეალიზაცია მკვეთრად გაუარესდა

"ლარის კურსის ცვლილებამ და ეკონომიკურმა კრიზისმა ოქროს ბიზნესზეც იმოქმედა"

ქართულ ბაზარზე 999 სინჯი 1 გრ. ოქროს ნაკეთობის ფასი 85 ლარს შეადგენს, დაახლოებით 6 თვის წინ კი იგივე სინჯის ოქრო 82 ლარი ღირდა. თბილისის ე.წ. ოქროს ბირჟაზე 1 გრ. ე.წ. ჯართი ოქროს შეძენა 55 ლარად არის შესაძლებელი.

რა მდგომარეობაა ოქროს ქართულ ბაზარზე, რას უჩივიან მოვაჭრეები და რატომ აღარ იყიდება საქართველოში ძვირფასი ლითონი? - ამ თემებზე დეტალურად ვებგვერდის oqrosbirja.ge მთავარი რედაქტორი ლადო ქურდაძე გვესაუბრა. მისი თქმით, ბირჟა რეალური კლიენტების დეფიციტს განიცდის და გაყიდვები თითქმის განახევრებულია.

"ფაქტობრივად, ბაზარი მომხმარებლის გარეშეა დარჩენილი. ხალხი ოქროს მაშინ ყიდულობს, როცა ფული აქვს. მოსახლეობის უმრავლესობა ამ შესაძლებლობას მოკლებულია. ლარის კურსის ცვლილებამ და ეკონომიკურმა კრიზისმა ოქროს ბიზნესზეც იმოქმედა. ძირითადად ვერცხლი და ბიჟუტერია იყიდება, რასაც ბირჟაზე ყველაზე დაბალი ფასი აქვს. ოქროს ნაკეთობიდან მხოლოდ საქორწინო ბეჭდები და ჯვრები იყიდება, ისიც აუცილებლობიდან გამომდინარე", - განაცხადა ლადო ქურდაძემ.

"ოქროს ბირჟის" მოვაჭრეები აცხადებენ, რომ ბოლო რამდენიმე თვეა მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. რეალიზაციის შემცირებას კი ლარის კურსის ცვლილებასა და ეკონომიკურ კრიზისს უკავშირებენ.

"ადრე ოქროს საჩუქრის ფუნქციაც ჰქონდა, მაგრამ კარგა ხანია ამ თვალსაზრისით ოქროს აღარავინ ყიდულობს. მოთხოვნა საქორწინო ბეჭდებზეც შემცირდა. ასეთი კრიზისი არ მახსოვს, ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ. საშუალო ფენა ოქროს ვეღარ ყიდულობს. ვინც მოასწრო და ოქროულობა გაძვირებამდე იყიდა, ახლა გაჭირვების გამო თავად ყიდის", - აცხადებენ მოვაჭრეები.

თიკო გურაშვილი