ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში, თითქმის, 24,9 ათასი ტონა მანდარინი იქნა ექსპორტირებული, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ 15,6 ათას ტონაზე 9 ათასი ტონით მეტია.
ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა ასიდა კვიცინიამ TASS-ს განუცხადა.
ამდენად, ექსპორტის მოცულობა 59%-ით გაიზარდა.
კვიცინიას თქმით, აფხაზეთში ციტრუსის სეზონის პიკი დამდგარია, რადგან რუსეთში დღეში, დაახლოებით, ათასი ტონა მანდარინი გადის.
მანდარინის გარდა, გაიზარდა ფეიხოას, კივის, ლიმონისა და ფორთოხლის ექსპორტი. კერძოდ, ექსპორტირებულია, თითქმის, 1,1 ათასი ტონა ფეიხოა, რაც შარშანდელზე 320 ტონით მეტია, 304 ტონა ლიმონი (+140 ტონა) და 68 ტონა ფორთოხალი (+40 ტონა). ამასთან, რუსეთში ექსპორტზე 20 ტონა კივი გავიდა, რომელიც 2023 წელს საერთოდ არ ყოფილა ექსპორტირებული.
აფხაზეთის დე ფაქტო სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზით, ციტრუსის მიმდინარე სეზონზე რუსეთში, დაახლოებით, 37 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი იგეგმება, ხოლო ძირითადი მოცულობა ექსპორტზე ახალ წლამდე გავა.
აფხაზეთიდან ციტრუსის ექსპორტი, თითქმის, მარტამდე გრძელდება.
ცნობისთვის: საბჭოთა პერიოდში აფხაზეთში 11 ათას ჰექტარზე 120 ათას ტონამდე ციტრუსი მოდიოდა, ამჟამად კი მხოლოდ 2,900 ჰექტრამდე ფართობი არის გაშენებული, საიდანაც საუკეთესო მოსავლიანობის წლებში, მაქსიმუმ, 50-52 ათასი ტონა მოსავალი მოდის.
აღსანიშნავია, რომ რუსეთი მანდარინის იმპორტს, ასევე, თურქეთიდან, მაროკოდან, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ეწევა, ხოლო აფხაზური მანდარინი მთლიანი ბაზრის მოცულობის 3-7%-ს შეადგენს, რაც წელიწადში 20-60 ათასი ტონაა.
ზოგადად, რუსეთში საახალწლოდ მანდარინის მკვეთრ, ანუ 20-30%-ით გაძვირებას პროგნოზირებენ. მოსავლის შემცირების მიზეზებს შორის თურქეთში უამინდობას, ხოლო ესპანეთში წყალდიდობას, ასევე, მაროკოდან მანდარინის მიწოდების ლოგისტიკასა და გადახდებში სირთულეებს ასახელებენ. ნოემბერში მანდარინზე საშუალო საბითუმო ფასი კილოგრამზე 92 რუბლამდე (0.92 დოლარამდე) გაიზარდა, საახალწლოდ კი, დაახლოებით, 300 რუბლამდე (2,9 დოლარამდე) ზრდას მოელიან. საბითუმო ფასი მწარმოებლის მიხედვით განსხვავდება. მაგალითად, სამხრეთ აფრიკაში მიმწოდებლისგან შესყიდვა უკვე, დაახლოებით, 250 რუბლი (2,5 დოლარი) ღირს, ხოლო მყიდველს შესაძლოა, დაახლოებით, 400 რუბლი (4 დოლარი) დაუჯდეს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ