ქართველებსა და ოსებს შორის სავაჭრო ურთიერთობები გრძელდება

შერიგებისა და თანასწორობის მინისტრი მიიჩნევს, რომ ამგვარი ურთიერთობები დეოკუპაციას შეუწყობს ხელს

2008 წლის აგვისტოს ომამდე, ოსებსა და ქართველებს შორის სავაჭრო ურთიერთობების დამაკავშირებელი ხიდი ერგნეთის ბაზრობა იყო. ხუთდღიანი ომის შემდეგ კი, ვითარება მკვეთრად შეიცვალა. ბოლო რამდენიმე წელია ქართველებსა და ოსებს შორის სავაჭრო ურთიერთობა არაოფიციალურად კვლავ აღდგა და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ოსები შეზღუდვების გარეშე გადმოდიან და გადაადგილდებიან, ხოლო ქართველებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ აქვთ.

ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს ტერიტორიაზე ოსების სხვადასხვა მიზნით გადმოსვლას ადასტურებს შერიგებისა და თანასწორობის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილიც.

მინისტრის თქმით, ბოლო ორი წელია ოსები მიხვდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლება მათ პრობლემებს არ უქმნით. ამდენად, კონტროლირებად ტერიტორიაზე ოსების ნაკადის შემოსვლა გაიზარდა:

- ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა მიზნებით გადმოდიან - ჯანდაცვისთვის, ბიზნესისთვის, მეგობრების სანახავად, აჭარაში დასასვენებლადაც. მათ ამ აქტიურობას მივესალმებით და კიდევ უფრო შევუწყობთ ხელს, რათა დანარჩენ საქართველოში უსაფრთხოდ, კომფორტულად იგრძნონ თავი და ნახონ პროგრესი, რომელიც მომავალში შესაძლოა, მათ ინტერესებში შედიოდეს.

- თუმცა, სამართლებრივად რამდენად სწორია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა და მსგავსი საქმიანობის განხორციელება? როგორც ვიცი, ქართველებს ცხინვალში და სხვა ოკუპირებულ ადგილებში არ უშვებენ.

- სამართლებრივად, პოლიტიკურად, მორალურად, ლოგიკურად ერთადერთი პასუხი არსებობს: არ არსებობს "ისინი" და "ჩვენ", არსებობს მხოლოდ "ჩვენ"! ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა ჩვენი მოსახლეობაა. ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან. შესაძლოა, ამაზე უარს ამბობენ, მაგრამ ჩვენ მათზე უარს არ ვამბობთ. შესაბამისად, მათ უფლება აქვთ, ყველა იმ სიკეთეზე მიუწვდებოდეთ ხელი, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება თავის მოქალაქეებს სთავაზობს. მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთ. საქართველოს მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რომ არ უშვებენ, ეს კონფლიქტის ნაწილია და დეოკუპაციის პროცესით უნდა მოგვარდეს. ამ მიმართულებით პროგრესი აშკარაა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მომავალში ოკუპირებული ტერიტორიების რაც უფრო მეტ მცხოვრებს მიეცემა საშუალება, დანარჩენ საქართველოში გადმოვიდეს და ყველა სიკეთე მიიღოს, მით მეტად შემსუბუქდება დაძაბულობა და ნდობა აღდგება", - განუცხადა bpn-ს პაატა ზაქარეიშვილმა და დასძინა, რომ ამგვარი სახის ურთიერთობები შემდგომ დეოკუპაციას ხელს შეუწყობს.

როგორც ჩვენთან საუბარში ე.წ. სამხრეთ ოსეთში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ადგილობრივმა აღნიშნა, გუდაურში სავაჭროდ ძირითადად ვლადიკავკაზიელები ჩადიან და ნაკლებად - ცხინვალიდან.

"ქართველების მხრიდან ხელის შეშლა არ ხდება, რადგან ადგილობრივებთან ერთგვარად გარიგებულები არიან. ძირითადად საკვები პროდუქტებით ვაჭრობენ, ხორბალი, ფქვილი და სხვა. გაცვლითი ვაჭრობაც მიდის. ეს ყველაფერი პოლიტიკაა, თორემ ჩვეულებრივი ადამიანები საერთო ენას ყოველთვის ვიპოვით. კარგად გახსოვთ, 2008 წლის ომამდე ქართველებიც გადმოდიოდნენ ცხინვალში სავაჭროდ და ოსებიც თქვენსკენ გადადიოდნენ", - გვითხრა რესპონდენტმა.

ჩრდილოეთ ოსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე სავაჭროდ გადმოსვლის ფაქტს ადასტურებს კავკასიური სახლის აღმასრულებელი დირექტორი, ექსპერტი გიორგი კანაშვილიც.

"ბოლო წლებია, რაც ჩრდილოეთ ოსეთიდან არა მარტო სავაჭროდ, არამედ დასასვენებლადაც გადმოდიან. ზამთრის სეზონზე გუდაურს სტუმრობენ. როგორც მათ მითხრეს, ჩვენთან დაბალი ფასები მოსწონთ, ხოლო ზაფხულში აჭარაში ისვენებენ. რაც შეეხება სავაჭრო ურთიერთობებს: ჩვენთან ძირითადად პროდუქტებს იძენენ. აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში სავაჭროდ მიდიან. ვინაიდან მათთან ხილ-ბოსტნეული ძვირი ღირს, ხოლო ჩვენთან იაფია, დიდი რაოდენობით ყიდულობენ და შემდეგ ჩრდილოეთ ოსეთში ჰყიდიან. სხვათა შორის, რუსეთშიც გააქვთ. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა. ოსები ჩვენთან მანქანის საყიდლად და შესაკეთებლადაც კი გადმოდიან. სამაგიეროდ, ჩვენთან გასაყიდად შემოაქვთ ხორბალი, პურის ფქვილი, რაც აქ შედარებით ძვირი ღირს. კრასნოდარის ოლქში ბევრი ხორბალი მოდის. შესაბამისად, დაბალ ფასში იყიდება. ოსები იქ ყიდულობენ და შემდეგ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოაქვთ. ვინაიდან, ქართველებს ვიზის თვალსაზრისით პრობლემები აქვთ და გადასვლა უჭირთ, ოსებს უკვეთავენ. მათ შორის ზეპირი შეთანხმებით, ნდობის საფუძველზე ერთგვარი ბიზნეს ურთიერთობებია ჩამოყალიბებული. როგორც ეს ერგნეთში იყო. მაშინაც, ასობით ათას ლარსა და დოლარზე საუბარი ზეპირი შეთანხმების საფუძველზე იყო", - ამბობს გიორგი კანაშვილი.

რაც შეეხება ე.წ. სამხრეთ ოსეთს, გიორგი კანაშვილის თქმით, იქაური ოსები ძირითადად ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობისთვის ჩამოდიან. "სავარაუდოდ, C ჰეპატიტის პროგრამასთან დაკავშირებით ეს ნაკადი გაძლიერდება, რადგან ბევრს სურს ამ პროგრამაში ჩართვა. ცხინვალში ყველაფერზე ძალიან მაღალი ფასებია. ადგილზე არაფერს აწარმოებენ, სოფლის მეურნებობა მიშვებულია. პროდუქტის შემოტანა ჩრდილოეთ კავკასიიდან უწევთ, რაც ორმაგად ძვირი უჯდებათ. ამიტომ, საქართველოდან შეტანას ამჯობინებენ. ამგვარად, ასეთ ურთიერთობებს ნამდვილად აქვს ადგილი", - განაცხადა გიორგი კანაშვილმა.

სალომე გოგოხია