საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემა ფიზიკურად არის დაკავშირებული ოთხივე მეზობელი სახელმწიფოს ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში რუსული Inter Rao-ს თხოვნასთან დაკავშირებით განუცხადეს.
„ოპერირების პროცესში, გადამცემი სისტემის ოპერატორი, არსებული პროცედურების თანახმად, ერთჯერადად იღებს გადაწყვეტილებას ტრანსსასაზღვრო რეჟიმების შესახებ, მათ შორის, ამა თუ იმ სისტემასთან სინქრონულ-პარალელური, საექსპორტო/საიმპორტო, ავარიული, კუნძულოვანი ან ნულოვანი ოპერირების თაობაზე. ელექტროენერგეტიკული სისტემის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ეს მსოფლიოში დანერგილი, ჩვეული პრაქტიკაა.
აღნიშნული საკითხები დამატებით რეგულირდება მეზობელი ქვეყნების ქვეყნების სისტემის ოპერატორებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით.
რუსეთის შემთხვევაში, აღნიშნული რეგულირდება რუსეთის ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერატორთან 2007 წელს გაფორმებული ორი ხელშეკრულებით: რუსეთიდან საქართველოში და საქართველოდან რუსეთში ავარიული სიტუაციების დროს ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ Inter RAO-ს გამგეობის წევრმა, ალექსანდრა პანინამ განაცხადა, რომ საქართველომ და აზერბაიჯანმა რუსეთში ელექტროენერგიის ექსპორტისთვის მზადყოფნა დაადასტურეს. თუმცა, პანინამ აქვე აღნიშნა, რომ საქართველო რუსულ მხარეს ელექტროენერგიის მიწოდებას წინასწარ მაინც ვერ ჰპირდება და საბოლოო გადაწყვეტილებას სიტუაციის მიხედვით მიიღებს.
რაც შეეხება აზერბაიჯანს, პანინას თქმით, ექსპორტი უკვე განხორციელდა და ქვეყანა მზად არის, რუსეთისთვის 250-300 მეგავატ ელექტროენერგიის ავარიული მიწოდება განახორციელოს.
ცნობისთვის: ოქტომბერში Inter RAO-მ საქართველოსა და აზერბაიჯანს ავარიული სიტუაციების დროს, მთლიანობაში, 600 მეგავატ ელექტროენერგიის იმპორტის თხოვნით მიმართა. კერძოდ, რუსეთში მომხდარი ავარიის შემთხვევაში საქართველოს და აზერბაიჯანის ენერგოსისტემები მზად უნდა იყვნენ, Inter RAO-ს სათითაოდ 300 მგვტ. ელექტროენერგია მიაწოდონ.