„დამაზარალებელი არა, დამღუპველია... იმედია, გავუძლებთ“ – „სამი ძმის“ პიროტექნიკის საწყობი ისევ დალუქულია

„საწყობი დალუქულია შემოსავლების სამსახურის მიერ და არ ვიცით როდის მოეხსნება. შემოსავლების სამსახურშიც კონკრეტული ინფორმაცია არ აქვთ ამაზე“,- ამის შესახებ კომპანია „სამი ძმის“ ხელმძღვანელმა აბელ კაპანაძემ bpn.ge-სთან პიროტექნიკის რეალიზაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ პიროტექნიკა მაღაზიის პროდუქციის მესამედს შეადგენს, კომპანიისთვის მისი რეალიზაციის აკრძალვა დამღუპველად იმოქმედებს.

ცნობისთვის, ქვეყნის მასშტაბით, მაღაზიებში პიროტექნიკის საწყობების დალუქვა მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა მისი გამოყენება რობოკოპებისა და სამართალდამცავების მიმართულებით, დარბევის შემდეგ დაიწყეს. შემოსავლების სამსახურის განმარტებით კი, საწყობების დახურვა „საგადასახადო საიდუმლოებას უკავშირდება“.

„სამწუხაროდ, ლუქი არ მოუხსნიათ. საწყობი დალუქულია შემოსავლების სამსახურის მიერ და არ ვიცით როდის მოეხსნება. შემოსავლების სამსახურშიც კონკრეტული ინფორმაცია არ აქვთ ამაზე.

დამაზარალებელი არა, დამღუპველია. იმედია გავუძლებთ. მოგვიწევს ერთი წელი ამ პიროტექნიკის შენახვა.

ზოგადად, პიროტექნიკა ჩვენი პროდუქციის მესამედ ნაწილს შეადგენს“,- ამბობს აბელ კაპანაძე.

შეგახსენებთ, რომ უკვე 22 დღეა არა მხოლოდ თბილისში, რეგიონებშიც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამის მიზეზი პრემიერ მინისტრის განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც მთავრობა ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს. როგორ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამავე პერიოდამდე შეჩერებულია ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხიც.

ნინი ქეთელაური