ხორბლის მოსავალი რეკორდულია, ახლა მზესუმზირას ჯერია

წელს საქართველოში ხორბლის რეკორდულ მოსავალს ელოდებიან. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, კახეთში ალოობა მალე დასრულდება და კომბაინები სამცხე-ჯავახეთისკენ გადაინაცვლებენ. გლეხები ამბობენ, რომ ერთ ჰექტარ ყანაში 3,5-5 ტონა ხორბლის მოსავალი მოვიდა. გლეხებს ახლა მხოლოდ მზესუმზირას მოსავალი ადარდებთ. შარშან, გვალვის გამო, მზესუმზირის პლანტაციებს კელაპტარა მოედო და მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. კელაპტარა წელსაც გამოჩნდა, თუმცა მასობრივად არა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ წელს ხორბლის რეკორდული მოსავალი მოვიდა. მთლიანობაში საქართველოს მასშტაბით 170 ათასი ტონა ხორბალს ელოდებიან. ასეთი დიდი მოსავალი ქვეყანას კარგა ხანია არ ახსოვს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, შარშან 50 ათასი ტონა ხორბალი მოვიდა, 2013 წელს 81 ათასი ტონა, 2012 წელს -80 ათასი ტონა, 2011 წელს - 96 ათასი ტონა.

სიღნაღელი ვაჟა ნავროზაშვილი ამბობს, რომ ერთ ჰექტარზე, საშუალოდ, 4 ტონა ხორბალი მოიმკა, თუმცა, წელს, მოსავლის სიდიდესთან ერთად, ფასი შემცირდა. 1 კილოგრამი ხორბალი მან 37 თეთრად გაყიდა. "ხორბლის საუკეთესო მოსავალია. ხარისხიც კარგია. სიმართლე გითხრათ, ასეთი კარგი შედეგი დიდი ხანია არ გვქონია. ერთადერთი პრობლემა არის ის, რომ დაბალი ფასია. რამდენიმე დღის წინათ 1 კილოგრამი ხორბალი 37 თეთრად გავყიდე", - ამბობს ვაჟა ნავროზაშვილი.

კახელმა ფერმერმა გია ქადაგიშვილმა "რეზონანსს" შესჩივლა, რომ ფერმერებისთვის შექმნილი მძიმე ვითარებით სარგებლობენ გადამყიდველები და ფასს აგდებენ. "ფერმერებისა და გლეხების უმეტესობას, მიმდინარე ხარჯებთან ერთად, შარშანდელი ვალი აქვს გასასტუმრებელი. ამ კრედიტებს ემატება პროცენტები, ზოგს უკვე დავალიანება აქვს და უნდათ, რომ ეს ვალდებულებები სწრაფად გაისტუმრონ. ამით სარგებლობენ გადამყიდველები და ხორბალზე ფასს ხელოვნურად დაბლა სწევენ. ძალიან რთული ვითარება შეიქმნა, ერთ კილოგრამ ხორბალში 35-38 თეთრს გვთავაზობენ. ეს ხარჯების გასასტუმრებლადაც კი არ არის საკმარისი. ყველამ კარგად იცის შარშან რაც დაგვემართა, გვალვამ ყანები მთლიანად დაგვიწვა", - ამბობს გია ქადაგიშვილი და აღნიშნავს, რომ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენცია არ არის, რომელიც ხორბლის რეალურ ფასს განსაზღვრავდა.

ცოტა ხნის წინათ ფერმერები და გლეხები ხორბლის ფასთან დაკავშირებით წისქვილკომბინატების წარმომადგენლებს შეხვდნენ. "პურპროდუქტების მწარმოებელთა" ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა აცხადებდა, რომ 1 კილოგრამი ხორბლის რეალური ფასი დაახლოებით 45 თეთრია. "ფასს ჩვენ არ ვადგენთ, მას აყალიბებს შავი ზღვის აუზში შემავალი ქვეყნები, ძირითადად, რუსეთი. შესაბამისად, რაც არის რუსეთიდან შემოსული ხორბალის ღირებულება ჯერ ფოთამდე, ხოლო შემდეგ თბილისის წისქვილამდე, იმ ფასში იყიდება შესაბამისი კლასის ადგილობრივი ხორბალიც. ამ დროისთვის, მესამე კლასის ხორბლის ფასი დახალოებით 45 თეთრია. არ ვიცი, ფერმერებს 35 თეთრს ვინ სთავაზობს, ვინაიდან ასეთი ინფორმაცია არ მაქვს", - ამბობს ლევან სილაგავა.

იგი არ გამორიცხავს, რომ 35 თეთრი სპეკულაციური ფასია ან თავად ხორბალია დაბალი ხარისხის, საფურაჟე. სილაგავა მეხორბლეებს ურჩევს, რომ მოსავალი დაასაწყობონ და დაელოდონ რეალური ფასის ჩამოყალიბებას.

ვაჟა ნავროზაშვილი კი ამბობს, რომ მან ხორბალი რამდენიმე დღე მართლაც საწყობში მოათავსა, შენახვის ფული გადაიხადა, მაგრამ წისქვილკომბინატებმა 37 თეთრზე მეტი მაინც არ გაიმეტეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ ისინი ფასის ფორმირებაში არ ერევიან, რადგან მას ბაზარი აყალიბებს. რაც შეეხება მზესუმზირას, წლეულს მასაც კარგი პირი უჩანდა, თუმცა ჯერ დამაიმედებელი მდგომარეობა მაინც არ არის, ვინაიდან გვალვის გამო, მარცვალი ფუჭდება და ცხიმიანობას კარგავს. გარდა ამისა, პლანტაციებში კელაპტარა ისევ გამოჩნდა, რომელიც მცენარეს სერიოზულად აზიანებს.

"ჯერჯერობით მზესუმზირა ჯანსაღად გამოიყურება, თუმცა თუკი ნალექი არ მოვიდა და გვალვები გაგრძელდა, ბუნებრივია, პრობლემას შექმნის. შარშანდელის არ იყოს, ისევ ერთ-ერთი მთავარი თემაა კელაპტარა. წელს ეს მავნებელი ნაკლებად არის, თუმცა გვალვებში მისი ფართო გავრცელების საშიშროება არსებობს. მის წინააღმდეგ რაც არ უნდა გამოიყენო, საშველი არ არის", - ამბობს ვაჟა ნავროზაშვილი.

სიღნაღის რაიონში მცხოვრები ვანო მაჭარაშვილი ამბობს, რომ მას მზესუმზირა რამდენიმე ჰექტარზე უთესია.

პლანტაციაში კელაპტარას საწინააღმდეგო წამალი შეიტანა, თუმცა ამ მავნებელთან ბრძოლა არც ისე მარტივია. "კელაპტარა შარშან უფრო მოდებული იყო, წელს იმდენი არაა. წამალი კი შევიტანე, მაგრამ ამ მავნებლის მოსპობა არც ისე ადვილია, არანაირი პრეპარატი არ ანადგურებს ბოლომდე. ახლა პრობლემა გვალვაა და თუკი ნალექი არ მოვა, მარცვალი ისედაც გაფუჭდება", - ამბობს ვანო მაჭარაშვილი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს კახეთის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის უფროსის ბონდო ბოღაშვილის განცხადებით, წელს კელაპტარასთან დაკავშირებით არავის მოუმართავს, თუმცა არის შეტყობინება კალიის გავრცელებაზე და სამსახური მაშინვე გადის ადგილზე შესაბამისი ზომების მისაღებად. "ყოველდღიურად დავდივართ ნათესებში. ამჯერად კალიაა პრობლემა. როგორც კი ზარი შემოვა, მაშინვე ადგილზე გავდივართ შესაბამისი ზომების მისაღებად. რაც შეეხება კელაპტარას, ეს არის ისეთი საშინელი მავნებელი, რომლის წინააღმდეგ პრეპარატი არ არსებობს. მაქვს ინფორმაცია, რომ მუშავდება კელაპტარას საწინააღმდეგო წამალი. შარშან ამ პარაზიტმა ჩემი ნაკვეთიც გააფუჭა. წელს ნაკლებად არის, მაგრამ გვალვაა და პრობლემას უფრო მეტად ეს ქმნის", - ამბობს ბონდო ბოღაშვილი.

კელაპტარა პარაზიტული მცენარეა, რომელიც მზესუმზირას ანადგურებს. მას არ გააჩნია მწვანე ფოთლები და ფესვები, დაკარგული აქვს ფოტოსინთეზის უნარი და იკვებება "პატრონი მცენარის" ხარჯზე. კელაპტარამ ადრეულ წლებში ათიათასობით ჰექტარ ფართობებზე თითქმის მთლიანად გაანადგურა მზესუმზირას მოსავალი. გარდა იმისა, რომ ეს პარაზიტი მცენარეს საკვებ ნივთიერებებს და წყალს ართმევს, კელაპტარას მავნებლობა იმაშიც გამოიხატება, რომ წამლავს მას თავისი ცხოველმოქმედებით. დაავადებული მცენარის მოსავლის შემცირებასთან ერთად, მცირდება თესლის აბსოლუტური წონა და ზეთიანობა.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"