ვენა შშმ პირებისთვის ყველაზე მოსახერხებელი ქალაქია

ვენა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებისთვის ყველაზე მოსახერხებელი ევროპული ქალაქია. ავსტრიის დედაქალაქი ევროკავშირის Access City Award-ის ყოველწლიური მთავარი პრიზით დაჯილდოვდა.

ვენა ავსტრიაში მეორე ქალაქია, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო. პირველად 2012 წელს ზალცბურგი დაჯილდოვდა.

ვენაში შშმ პირები ადვილად გადაადგილდებიან. კერძოდ, ყველა მეტროსადგური, ასევე, ავტობუსისა და ტრამვაის გაჩერებების 95%-ზე მეტი ისე არის აღჭურვილი, რომ შეზღუდული მობილობის მქონე მოქალაქეებს დაბრკოლება არ ექმნებათ.

ამასთან, ქალაქის მუზეუმში ექსკურსიები ჟესტების ენით ტარდება, ხოლო ყველა ექსპონატს აღწერილობა ბრაილის შრიფტით ახლავს თან, რომ მხედველობადაქვეითებულმა სტუმრებმა ნამუშევრების ტაქტილური ასლები შეხებით „გაიცნონ.“

ასევე, ვენაში უბარიერო აუზებია, ხოლო ეტლით მოსარგებლეებისთვის საექსკურსიო ველოტაქსის სერვისი მოქმედებს

შეზღუდული მობილობის მქონე ადამიანების ინტერესები ქალაქის დაგეგმარების ყველა ეტაპზე, ძველი შენობების განახლებიდან ახლის დაპროექტებამდე არის გათვალისწინებული. ამ პროცესში მნიშვნელოვანი ასპექტი გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ მოქალაქეების ჩართვაა, რაც მათი უფლებადამცველი სპეციალური ორგანიზაციების მეშვეობით ხდება.

ევროკავშირის Access City Award-ის წლევანდელ რეიტინგში მეორე და მესამე ადგილები გერმანიის ქალაქ ნიურნბერგმა და ესპანურმა კარტახენამ დაიკავეს.

წინა გამარჯვებული ესპანეთის კუნძულ ტენერიფეზე მდებარე ქალაქი, სან-კრისტობალ დე ლა-ლაგუნაა.

ცნობისთვის: Access City Award 2010 წლიდან დაწესდა და ევროპის ქალაქებს შეზღუდული მობილობის მქონე ადამიანებისთვის ურბანული გარემოს ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების გამო ყოველწლიურად ენიჭება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ