ნაღდი ფულის და ფასიანი ქაღალდების არადეკლარირებაზე ჯარიმების ოდენობა იზრდება

საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული საგადასახადო სანქციები იზრდება

"საგადასახდო კოდექსში" ამ მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, ან მისგან მალულად, ან არასწორად დეკლარირებით გადატანა-გადმოტანისთან დაკავშირებულ შემთხვევებს ეხება.

ფინანსთა სამინისტროს ავტორობითა და მთავრობის ინიციატივით პარლამენტში წარდგენილი პროექტის განხილვა დაჩქარებული წესით არის დაგეგმილი.

კერძოდ, პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 30 000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი მაგრამ არაუმეტეს 50 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების გადატანა, გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, ან მისგან მალულად, ან არასწორი დეკლარირებით – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით ან საქონლის ჩამორთმევას. ახლა ჯარიმა 1000 ლარით ან საქონლის ჩამორთმევით განისაზღვრება.

საბაჟო საზღვარზე 50 000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი, მაგრამ არაუმეტეს 100 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, მისგან მალულად, ან არასწორი დეკლარირებით – იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან საქონლის ჩამორთმევას. ჯერ კიდევ მოქმედი კოდექსით კი, ასეთ შემთხვევეზე კანონის დამრღვევი სუბიექტი 3 000 ლარის ოდენობით, ან ამ საქონლის ჩამორთმევით ჯარიმდებიან.

ასევე პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, როცა საქმე 100 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხას შეეხება პირი დაჯარიმდება თანხის ან ფასიანი ქაღალდის ღირებულების 10 პროცენტით ან ამ საქონლის ჩამორთმევით.

გარდა ამისა, "საგადასახადო კოდექსს" ემატება შენიშვნა, რითაც არასწორად ითვლება დეკლარირება, თუ დეკლარირებული და არადეკლარირებული საქონლის საერთო ოდენობა 30 000 ლარს (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტს) აღემატება.

ნათია ინაური