ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით მოქმედი შსს დაასანქცირეს, მაგრამ თავის დროზე ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული, საერთოდ არ დაუსანქცირებიათ. ეს არის რეალური სურათი, დანარჩენზე საზოგადოება იმსჯელებს. ეს არის აღიარება იმისა, რომ „ნაცმაიდანი“, ეს მცდელობა იყო სანქციების ავტორების მხრიდან კოორდინირებული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, როდესაც ისაუბრა შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის და შს სამინისტროს სხვა წარმომადგენლების დასანქცირებაზე.
კობახიძის თქმით, აშშ-ს სჭირდება დეოლიგარქიზაცია და ამაზე სრული თანხვედრა აქვთ პრეზიდენტ ტრამპთან.
„ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ბატონი ჯეფრი საქსის ინტერვიუ, რომელმაც აშშ-ს მოქმედი ადმინისტრაცია დაადანაშაულა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში.ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე ბრალდება. ჩვენ, ბატონი ვახტანგ გომელაურის და შსს-ს სხვა წარმომადგენლების სანქცირებას შეგვიძლია მივცეთ გარკვეული შეფასება და შეიძლება ობიექტურად იქნეს აღქმული ეს ფაქტი, როგორც მოქმედი ადმინისტრაციის ერთგვარი აღიარება. თქვენ იცით,რომ არჩეული პრეზიდენტი, ბატონი დონალდ ტრამპი ძალიან ხშირად საუბრობს, ე.წ. „დიფ სთეითზე“, რომელიც მისი განცხადებით, არსებით გავლენას ახდენს მართვაზე აშშ-ში. მაგალითად, ბატონმა დონალდ ტრამპმა მასზე ტერაქტის განხორციელებამდე ერთი თვით ადრე გააკეთა ძალიან სერიოზული განცხადება, ე.წ. დიფ სთეითან დაკავშირებით. მან განაცხადა ასეთი რამ, რომ „დიფ სთეითი“ დაანგრევს აშშ-ს ან აშშ დაანგრევს და მოშლის „დიფ სთეითს“. თქვენ ხედავთ, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში სწორედ „დიფ სთეითი“ანგრევდა აშშ-ს და სწორედ ამის შედეგია ის უსამართლო გადაწყვეტილებები, რომლებსაც ჩვენ ასე ხშირად ვისმენთ ხოლმე ამერიკული სტრუქტურებიდან. აშშ-ს სჭირდება დეოლიგარქიზაცია, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და ამაში ჩვენ გვაქვს სრული თანხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან. ისიც მიიჩნევს, რომ აშშ-ს სჭირდება გათავისუფლება არაფორმალური გავლენებისგან.
რაც შეეხება შშს-ს და ამერიკული მოქმედი ადმინისტრაციის მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ეს არის მორიგი ანტიქართული გადაწყვეტილება და აქაც ჩანს „დიფ სთეითის“ ხელი და ჩანს არაფორმალური გავლენები, რაც იდგა ამ გადაწყვეტილების უკან. თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ შსს მთლიანობაში ამ აქციების მიმართ მოქმედებდა ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით. საქართველოში იყო ძალიან უხეში მცდელობა მოეწყოთ „მაიდანი“, „ნაც.მაიდანი“ და იცით, როგორ სრულდება ხოლმე ასეთი პროცესები სხვადასხვა ქვეყანაში“, - განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, რომ „მაიდნის“პროცესების შედეგად უკრაინაში დაიღუპა 120-ზე მეტი და დაშავდა 2 000-ზე მეტი ადამიანი.
„საიდან იყო კოორდინირებული ეს მაიდანი, ესეც ყველას ძალიან კარგად გვახსოვს“, - აღნიშნა კობახიძემ.
მან, ასევე, გაიხსენა საფრანგეთის ე.წ.ყვითელი ჟილეტის პროტესტი. კობახიძის თქმით, ამ პროტესტის მსვლელობის დროს დაიღუპა 11 და დაშავდა 4 400-ზე მეტი ადამიანი,მათ შორის შსს-ს ბრუტალური მოქმედებების შედეგად.
„ასევე, გახსოვთ,როგორ წარიმართა პროცესები აშშ-ში, როდესაც ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა კაპიტოლიუმში. კაცს პირდაპირ ტყვია ესროლეს და მოკლეს ადგილზე.
ჩვენ, როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველოში შსს ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებს, ამისათვის გვაქვს კონკრეტული მაგალითები. ასეთი რამ წარმოუდგენელი იქნებოდა საქართველოში. ამერიკაში ისე გაიარა ამ ყველაფერმა, რომ განსაკუთრებული პროტესტი ამას არ მოჰყოლია“, - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, კობახიძემ გაიხსენა საქართველოს 2011 წლის 26 მაისის შემთხვევა, რა დროსაც მისვე თქმით, მშვიდობიან დემონსტრაციაზე 4 კაცი მოკლეს.
„იყო მშვიდობიანი დემონსტრაცია, მოკლეს 4 კაცი. 2011 წელს საქართველოში ეს გააკეთა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმმა. თქვენ გახსოვთ, ასევე როგორ მოქმედებდა მათი ერთ-ერთი ფავორიტი გიორგი გახარია 2019 წლის ივნისში. მაშინ იყო ძალადობრივი აქცია, რომელსაც ვიღაცები მაშინაც მშვიდობიან აქციად ნათლავდნენ და გახარიას მინისტრობის პერიოდში შვიდმა ადამიანმა მიიღო უმძიმესი დაზიანება, რისი აუცილებლობაც ნამდვილად არ არსებობდა. დაშავებამ კვალი დატოვა მათ ჯანმრთელობაზე, აქედან ორმა ადამიანმა დაკარგა თვალი“ - განაცხადა კობახიძემ.
„მე მინდა შეგახსენოთ, რომ არც იმ ქვეყნებში, რომლებზეც მე ვისაუბრე და არც საქართველოში, თავის დროზე, 2011 წელს ან 2019 წელს, გახარიას ვგულისხმობ, არავინ დაუსანქცირებიათ, ასეთი არავითარი გადაწყვეტილება არც კი განიხილებოდა იმიტომ, რომ არსებობს ორმაგი სტანდარტი. დღეს ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით მოქმედი შსს დაასანქცირეს, მაგრამ თავის დროზე ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული საერთოდ არ დაუსანქცირებიათ. ეს არის რეალური სურათი, დანარჩენზე საზოგადოება იმსჯელებს. ეს არის აღიარება იმისა, რომ „ნაცმაიდანი“, ეს მცდელობა იყო სანქციების ავტორების მხრიდან კოორდინირებული“, - განაცხადა კობახიძემ.