რუსეთის მთავრობამ ხორბლის საექსპორტო კვოტად 10.6 მლნ ტონა დაადგინა

2024/25 სეზონური წლის მეორე ნახევრისთვის, ანუ 15 თებერვლიდან 30 ივნისის პერიოდისთვის რუსეთიდან ხორბლის ექსპორტის კვოტა 10.6 მლნ ტონად განისაზღვრა.

ამის შესახებ ფედერაციის მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში წერია.

დამტკიცებული კვოტის მოცულობა ოდნავ ჩამორჩება ნოემბრის ბოლოს საბაჟო ქვეკომიტეტის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მოცულობას, რამაც 11 მლნ ტონა შეადგინა.

გადაწყვეტილება შიდა ბაზარზე მარცვლეული კულტურების წარმოებისა და მოხმარების ბალანსის პროგნოზის გათვალისწინებით იქნა მიღებული.

ამასთან, ხელმოწერილი დადგენილების მიხედვით, ქერის, ჭვავის და სიმინდის კვოტები ნულოვანია.

კვოტა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში მიწოდებაზე არ ვრცელდება.

საბაჟო ქვეკომისიის ცნობით, კვოტის მიღმა განაკვეთი 50%-ს, მაგრამ ტონაზე არანაკლებ 100 ევროს შეადგენს.

2024 წლის ივლისიდან 2025 წლის ივნისის პერიოდისთვის მარცვლეულის საექსპორტო პოტენციალის ოფიციალური პროგნოზი 55-60 მლნ ტონას შეადგენს, მაშინ, როცა გასულ წელს რუსეთმა 72.2 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტი განახორციელა. მათ შორის 54.1 მლნ ტონა ხორბალი იყო.

წელს მარცვლეულის მოსავლის ოფიციალური პროგნოზი 130 მლნ ტონაა, საიდანაც 83 მლნ ტონა ხორბალია, მაშინ, როცა 2023 წელს მთლიანი მოსავალი 144.9 მლნ ტონას, მათ შორის, ხორბლის 92.8 მლნ ტონას შეადგენდა.

ცნობისთვის: რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტზე კვოტები 2020 წლიდან დააწესა. მაშინ შეზღუდვები 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით დაწესდა და 7 მლნ ტონა შეადგინა, ხოლო 2021 წლის 15 თებერვლიდან 30 ივნისის ჩათვლით ახალი კვოტა ამოქმედდა, რომლის მოცულობამ 17,5 მლნ ტონა შეადგინა. 2021 წლის ბოლოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ კვოტა ყოველწლიური გამხდარიყო და 15 თებერვლიდან 30 ივნისამდე დაწესებულიყო. 2022 წელს მისმა მოცულობამ 11 მლნ ტონა, ხოლო 2023 წელს 25,5 მლნ ტონა შეადგინა. მიმდინარე წლის კვოტა თავიდან 24 მლნ ტონის ოდენობით დამტკიცდა, შემდეგ კი 5 მლნ ტონა დაემატა და 29 მლნ ტონა შეადგინა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ