დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორი დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორი ირაკლი მირუაშვილი დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე თბილისში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ირაკლი მირუაშვილმა, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, მოქალაქეს უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის პირდაპირი წესით იჯარით გადაცემაში დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 13 000 ლარი. გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).