წინასაახალწლო პერიოდი ყოველთვის აქტიური იყო, ახლა საერთოდ არ არის ჯავშნები - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ბუნებაში დასარჩენი ადგილების დასაჯავშნი მობილური აპლიკაცია Tripcamp-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ხატია სვანაძემ განუცხადა.
როგორც მანვე აღნიშნა, დეკემბერში აპლიკაციაში მხოლოდ ორი ჯავშანი დაფიქსირდა. ორივე მათგანი ქართველი დამსვენებლების იყო.
„ჩვენი დამოკიდებულება ისეთივეა, როგორიც ყველა ჯანსაღი ადამიანის დღეს საქართველოში. ვემიჯნებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ეს იქნება ძალადობა მოქალაქეების მიმართ, თუ ევროინტეგრაციის კურსის ცვლილება. ფიზიკურადაც ყოველ დღე ვდგავართ Tripcamp-ის დამფუძნებლები აქციაზე.
რაც შეეხება ჯავშნებს, რა თქმა უნდა, აისახება ამაზე მიმდინარე მოვლენები. დეკემბერი და წინასაახალწლო პერიოდი ყოველთვის აქტიური იყო და ახლა შემიძლია ვთქვა, რომ საერთოდ აღარ არის ჯავშნები. დეკემბრის თვის განმავლობაში სულ 2 ჯავშანი მივიღეთ პლატფორმის საშუალებით. ადგილობრივების ჯავშნები იყო ეს ორიც.
არ მაქვს კარგი მოლოდინები მანამ, სანამ სიტუაცია არ დასტაბილურდება და არ დავუბრუნდებით ნორმალური ცხოვრების რიტმს. ეს არ მგონია, რომ უახლოეს ერთ თვეში მოხდეს - ალბათ, დაგვჭირდება დრო“, - განაცხადა ხატია სვანაძემ.
შეგახსენებთ, 28 ნოემბერს მთავრობის მიერ გაკეთებულ განცხადებას, შეაჩეროს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესი და უარი თქვას ფინანსურ დახმარებაზე, მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეები 23 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებას და დაკავებულების გათავისუფლებას.
პროტესტს უერთდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, შეიქმნა არაერთი პლატფორმა, სადაც ბიზნესები საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ და აღნიშნავენ, რომ ქვეყანა მიდის „რუსეთის გზაზე“, რაც საქართველოს და მის ეკონომიკას კრიზისამდე მიიყვანს. მოსახლეობა და ბიზნესი მოითხოვს, რომ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს.