აფხაზეთი, სადაც 244 ათასი ადამიანი ცხოვრობს, იმავე რაოდენობის ელექტროენერგიას მოიხმარს, რამდენსაც მილიონნახევრიანი მოსახლეობის მქონე თბილისი. ამის შესახებ ენგურჰესის დირექტორმა, ლევან მებონიამ აფხაზ ოპოზიციონერებთან, ლევან მიქავასთან და ილია გულიასთან შეხვედრის დროს განაცხადა.
ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო „აიშარას“ facebook-გვერდზე ვრცელდება.
ლევან მებონიას თქმით, კაშხალში წყალი, პრაქტიკულად არ არის, მინიმალურ დონეზეა და ის მხოლოდ ნაკადზე მუშაობს. ამასთან, მარტამდე წყლის დონის მომატება ნაკლებად სავარაუდოა.
მისი მონაცემებით, ამჟამად აფხაზეთის მოხმარება დღეში 9,5 მლნ კვტ/საათზე მეტს შეადგენს, მაშინ, როცა ჰესის გამომუშავება დღეში მხოლოდ 2-2,4 მლნ კვტ/საათია. აფხაზეთში ღამით ინტერნეტის გათიშვის შემთხვევაშიც კი მოხმარება, მინიმუმ, მილიონ კილოვატ/საათით ეცემა, რაც დღეში მხოლოდ 3-საათიანი მიწოდების ეკვივალენტურია.
ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის, თითქმის, 98% აფხაზეთს მიეწოდება, ხოლო დარჩენილი 2-3% თავად ჰესის საჭიროებებს ხმარდება.
ლევან მიქავას კითხვაზე, რაკი შეთანხმების საფუძველზე აფხაზეთს გამომუშავებული ენერგიის 40% უფასოდ ხმარდება, შეუძლია თუ არა აფხაზურ მხარეს, დამატებით 20% შეიძინოს, მებონია პასუხობს, რომ აფხაზურ მხარეს ენერგია უფასოდ კი არ მიეწოდება, არამედ ისინი მასში ფულს, უბრალოდ, არ იხდიან. შესაბამისად, თუ აფხაზეთი ამ თანხას გადაიხდის, ჰესიდან დამატებითი ენერგიის მიღებასაც შეძლებს.
“იმის გამო, რომ 40% აფხაზეთში უფასოდ მიდის, იძულებული ვართ, წყალსაცავის 60% მთლიანად ავითვისოთ, რომ მან როგორმე არსებობა შეძლოს. ჰესის რესურსი ისედაც მინიმუმამდეა დასული და დამატებითი სიმძლავრე აღარ აქვს. თუმცა თუკი 40%-ის საფასურს გადაიხდით, მაშინ სულ სხვა სურათს მივიღებთ,” - განმარტავს ლევან მებონია.
ილია გუნიამ იკითხა, თუ როგორ არის დაკავშირებული 40%-იანი წილზე საფასურის გადახდა ენგურში წყლის მატებასთან, რაზეც მებონია განმარტავს, რომ ფულის გადახდით წყალი კი არ მოიმატებს, არამედ ექსპორტზე აღარ გავა და კაშხალში დონე შენარჩუნდება. რაკი აფხაზური მხარე თავის 40%-ში თანხას არ იხდის, ჰესის დირექცია იძულებულია, ელექტროენერგია ექსპორტზე კომერციულ ფასად გაყიდოს, რომ მთლიანი, ანუ 100%-იანი გამომუშავება აანაზღაუროს. კერძოდ, ჰესის 100%-იანი გამომუშავება 0,80-რუბლიანი (2-თეთრიანი) ტარიფით არის განსაზღვრული, საიდანაც 40%-იანი დანაკლისი ამჟამად კომერციული ექსპორტის ხარჯზე ანაზღაურდება.
მებონიას თქმით, გამომუშავების 100%-იანი ანაზღაურების შემთხვევაში, მაგალითად, ნოემბერში კაშხალში წყალი ზღვის დონიდან 420 ან 440 მეტრზე კი არა, 480 მეტრზე იქნება.
ამჟამად აფხაზეთში ენერგეტიკული კრიზისია. კერძოდ, დღისით აფხაზეთის მოსახლეობას დენი ორჯერ, მხოლოდ 1 სთ-ისა და 20 წუთის განმავლობაში, ხოლო ღამით 22:00-იდან 08:00 საათამდე მიეწოდება.
მიმდინარე კვირას ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერმინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი, ვალერი ბგანბა ქართულ მხარეს ზამთარში მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობის უსასყიდლოდ გაზრდას ზაფხულის მოცულობის სანაცვლოდ სთავაზობს. ამი მიზნით ბგანბამ ქართულ მხარესთან მოსალაპარაკებლად ლევან მებოინია გაგზავნა.
ცნობისათვის, აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგების მთავარი წყაროები ენგურის და ვარდნილის ჰესები, ასევე რუსეთიდან იმპორტია. 1997 წელს ზეპირი შეთანხმების შედეგად, ენგურჰესისა და ვარდნილჰესების (გალის ტერიტორიაზე) კასკადის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის 40% აფხაზეთს მიაქვს, 60% კი - საქართველოს დანარჩენ რეგიონებს. თუმცა, მიწოდებული ელექტროენერგია, ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების კრიზისის გამო, ამ ნიშნულს ხშირად აჭარბებს.
საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორის (ესკო) სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში აფხაზეთმა ჯამში 2.103 მლრდ კვტ.საათი ელექტროენერგია მოიხმარა, 2023 წლის 12 თვის განმავლობაში კი 2.702 მლრდ კვტ-საათი.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ