„საქართველომ აიღო ახალ პარტნიორ ჩინეთთან ვალდებულებები, ამიტომაც დღეს ქვეყანა გადის ერთგვარ დიპლომატიურ ბეწვის ხიდზე და ძალიან ახლოსაა იმასთან, რომ უფსკრულში გადაიჩეხოს“ - გიორგი გობრონიძე

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ უსაფრთხოების საკითხების მკვლევარს, გიორგი გობრონიძეს ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე გვინდოდა თქვენთან გვემსჯელა, მაგრამ, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება ახლა იმდენად უკავშირდება საქართველოში არჩევნების შემდეგ გამწვავებულ ვითარებას და იმას, რასაც ახლა ვადევნებთ თვალს, შეუძლებელია საშინაო პოლიტიკაში არსებული ვითარებით არ დავიწყოთ საუბარი.

მითუმეტეს, რომ თქვენთან შეხმიანებამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ვიცე-პრემიერად შს მინისტრი ვახტანგ გომელაური დანიშნა.

საქმე და პრობლემა იმაშია, რომ ვიცე-პრემიერად დაინიშნა მაღალჩინოსანი, რომელიც აშშ არა მხოლოდ დაასანქცირა, არამედ ე.წ. „მაგნიტსკის სიაშიც“ შეიყვანა. როგორც ჩანს, ამ გადაწყვეტილებით უპასუხა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ამერიკულ სანქციებს, რომელთანაც ურთიერთობის გადატვირთვის იმედი ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ აქვს.

რჩება შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არც აშშ-თან ურთიერთობები ადარდებს დიდად და არც არც ქვეყნის ევროინტეგრაცია, რასაც არჩევნებამდე გვპირდებოდა, 28 ნოემბერს კი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობებს 2028 წლამდე აჩერებს, ახლა კი ისევ ამბობს, რომ ქვეყნის ევროინტეგრაცია მის მთავარ მიზნად რჩება. კობახიძემ ასევე გვამცნო, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, პრეზიდენტი პრაქტიკულად დასანქცირებულ შსს-ს მაღალჩინოსნებს დააჯილდოებს. აშშ-ს მიერ გომელაურის დასანქცირების შემდეგ, თქვენ როგორ აღიქვით მისი ვიცე-პრემიერად დანიშვნა და ამას როგორ აღიქვამდნენ ვაშინგტონში?

- რაც შეეხება სანქცირებული პირების დაწინაურებას და ზოგიერთი მათგანის ღირსების ორდენზე წარდგენას, ამით საქართველოს ხელისუფლება ცდილობს შეიქმნას იმიჯი, რომ მას არ ეშინია სანქციების და დარწმუნებულია საკუთარ სიმართლეში. თუმცა მას შემდეგ, რაც საზოგადოება გახდა მოწმე დემონსტრაციების ძალის გადამეტებით დარბევის, რასაც თან ახლდა ადამიანების წამება, დამცირება, შეურაცხყოფა, სექსუალური ძალადობის მუქარა და შევიწროება, მოცემული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა სერიოზულ კითხვის ნიშნებს ბადებს.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უცხო ქვეყნის მეთაურები პირდაპირ გადიან კონტაქტზე მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარესთან, რადგან სწორედ მას და არა მთავრობის მეთაურს მიიჩნევენ სახელმწიფოს ფაქტობრივ მმართველად, ხოლო პრემიერი აღიქმება, როგორც ფაქტობრივი მმართველის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომელი საშუალო რგოლის მენეჯმენტიდან, ნაკლებად სავარაუდოა მის ამ გადაწყვეტილებას ვინმემ დიდი მნიშვნელობა მიანიჭოს დასავლეთში.

სამაგიეროდ, სანქცირებულთა დაწინაურება და დაჯილდოება ალბათობის მაღალი ხარისხით კიდევ უფრო გააღრმავებს ქვეყანაში არსებულ ისედაც მძიმე პოლარიზაციას და კომპლექსურ პოლიტიკურ კრიზისს.

იმ ფონზე როდესაც საკმაოდ პასიური სახალხო დამცველიც კი ღიად საუბრობს სამართალდამცავი უწყების ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან ძალის გადამეტებაზე და მეტიც, ახდენს კონკრეტული დანაშაულის გამოკვეთა, რბილად რომ ვთქვათ ძალიან არასერიოზულია მათი ხელმძღვანელების დაწინაურება და ღირსების ორდენზე წარდგენა, განსაკუთრებით მაშინ როდესაც არ მომხდარა არც ერთი მოძალადე ძალოვნის იდენტიფიცირება და არ დაწყებულა სამართლებრივი დევნა.

მეტსაც ვიტყვი, თუ დავუშვებთ იმას, რომ ძალის ამგვარი გადამეტება არ ყოფილა ხელმძღვანელთა მიერ სანქცირებული და ადგილი ჰქონდა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელთა თვითნებურ ქმედებას, ეს მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ კონკრეტული ხელმძღვანელი პირები ვერ უზრუნველყოფენ მათზე დაქვემდებარებულ დანაყოფში დისციპლინას, ვერ მართავენ ოპერატიულ ვითარებას და ვერ ახორციელებენ მართვასა კონტროლს.

სხვა სიტყვებით, ისინი არ არიან კომპეტენტურნი. ყველა ნორმალური ხელისუფალი ასეთ ადამიანს, საუკეთესო შემთხვევაში სამსახურიდან გაათავისუფლებდა, ახლა კი გვაქვს ორი მოცემულობიდან ერთი, სახელმწიფო აჯილდოებს პოტენციურ დამნაშავეს, ან ახალისებს არაპროფესიონალიზმს, რითაც შეგნებულად, თუ შეუგნებლად აუცილებლად გამოიწვევს საზოგადოების კრიტიკული ნაწილის უკიდურეს გაღიზიანებას.

- ვითარება რომ რთულია, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი ესაუბრა.

ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი შეხვდა თბილისში ჩამოსულ ევროსაბჭოს გენ მდივანს ალენ ბერსეს. მანამდე გვახსოვს, რომ ბატონი ივანიშვილი არ შეხვედრია თბილისში ვიზიტად ჩამოსულ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაღალჩინოსანს. 20 დეკემბერს ბატონმა ალენ ბერსემ განაცხადა - „მთავრობისგან მიიღო დაპირება, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს შეცვლის, რისთვისაც სამუშაო ჯგუფი შეიქმნება“.

გარდა ამისა, მან მთავრობისგან მიიღო გარკვეული დაპირებები, მიტინგებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულების გათავისუფლების შესახებ. თუმცა, ბერსის განცხადებებზე პრემიერ ირაკლი კობახიძის განმარტებებმა არ დატოვა შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნება“ უპრობლემოდ იტყვის უარს „აგენტების კანონზე“. არც ევროსაბჭოს გენმდივანს და არც პრემიერ კობახიძეს არაფერ უთქვამთ ოპოზიციის მთავარ მოთხოვნაზე - ხელახალი არჩევნების დანიშვნაზე. არადა, სწორედ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებით, ანტიდასავლური და ანტიამერიკული რიტორიკითა და პროპაგანდით შეძლო „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლის ნაწილის მობილიზება.

გასაგებია, რომ ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ახლა ყველაფერს დაპირებიდან ევროპელ პარტნიორებს, ოღონდ საუბარი არ იყოს ხელახალ არჩევნებზე. რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უმტკივნეულოდ გაიწვიოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“?

რამდენად დააკმაყოფილებს ოპოზიციას და პოლიტიკურად გააქტიურებულ საზოგადოებას მხოლოდ „აგენტების კანონის“ გაუქმება?

- მიუხედავად იმისა, რომ მმართველი გუნდი დიდი ალბათობით ეცდება ამ კანონით ივაჭროს დასავლეთთან, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ამ კანონს რას უზამს.

სიმართლე რომ გითხრათ, თუკი „ქართული ოცნება კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ გაიწვევს, ან შეცვლის ისევ მმართველი გუნდისთვის იქნება უკეთესი, რადგან მოცემული დოკუმენტი გარდა იმისა, რომ საერთოდ არ ემსახურება არანაირ ლოგიკურ მიზანს, ის ასევე წარმოადგენს ვერბალურ სიმახინჯეს, როგორსაც არ დაწერდა იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის ყველაზე ზარმაცი სტუდენტიც კი.

ამდენად თუ ამ კანონს მოიშორებს ხელისუფლება, ისევ მათი რეპუტაციისთვის იქნება უკეთესი. სირცხვილია, როდესაც 6 გვერდზე გაწერილ 11 მუხლიან ამ სისულელეს 80-ზე მეტმა წერა კითხვის მცოდნე ადამიანმა, რომელთაც წაკითხულიდან აზრის გამოტანა შეუძლიათ, ან აქვთ ამაზე პრეტენზია, დაუჭირა მხარი. რამდენადაც ამ კანონისგან გათავისუფლება, პირველ რიგში მათი თავმოყვარეობის საკითხი უნდა იყოს და მხოლოდ იმიტომ უნდა გაიწვიონ, რომ საკუთარ თავს სცენ პატივი, იმდენად ეს ქმედება ვერ განმუხტავს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს. მთავარი პრობლემა ის არის რომ მმართველი გუნდი არ აღიარებს პრობლემის არსებობას, არადა ნებისმიერი პრობლემის მოგვარება უპირველესად მისი არსებობის აღიარებით იწყება. ნაცვლად პრობლემაზე ფიქრისა, ვხედავთ, თუ როგორ ემზადება მმართველი გუნდი ერთმანეთისთვის ბაფთების და ორდენების შესაბნევად.

განგაგრძეთ კითხვა