კონკურენციის პოლიტიკა საქართველოში

მომხმარებელთა უფლებების დარღვევა, შეუსაბამოდ მაღალი ფასები ბაზარზე, პროდუქტის უსაფრთხოება და ხარისხი - ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხებია, რომელზეც საზოგადოება წლებია პროტესტს გამოთქვამს საქართველოში. კარტელური შეთანხმებები, დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, კორუფცია იწვევს ჯანსაღი კონკურენციის შეზღუდვას, რაც უშუალო ზიანს აყენებს არა მხოლოდ მომხმარებელთა უფლებებს, არამედ ზოგადად ბიზნესს, ქვეყნის საინვესტიციო გარემოსა და ეკონომიკას. ამის დასაძლევად მნიშვნელოვანია ქვეყანაში სწორად წარიმართოს კონკურენციის პოლიტიკა.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება პირდაპირ ავალდებულებს საქართველოს სხვა საკითხებთან ერთად კონკურენციის სამართალი მოიყვანოს ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობაში.  ამ მიზნით უკანასკნელ წლებში საქართველოში განხორციელდა არაერთი რეფორმა: მიღებულ იქნა კანონი „კონკურენციის შესახებ“ და სხვა კანონქვემდებარე აქტები, შეიქმნა კონკურენციის სააგენტო. კონკურენციის სააგენტომ დაიწყო კონკრეტული ბაზრების მოკვლევა და განახორციელა გარკვეული ქმედებები. თუმცა იმის გამო, რომ ამ რეფორმების გატარებამდე საქართველო ულტრალიბერალური მოსაზრებებით ფაქტიურად უარს ამბობდა კონკურენციის სფეროს რეგულირებაზე, არსებული ფორმით (ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისი) კონკურენციის პოლიტიკა სრულიად ახალია საქართველოსთვის და მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ქვეყნისა და განსაკუთრებით მისი ეკონომიკური სექტორისათვის. ვინაიდან სახელმწიფოში არ არსებობდა თანმიმდევრული პოლიტიკა და სტრატეგია, საზოგადოებაში კონკურენციის კანონმდებლობის დანიშნულების, რისკების, სანქციების და სიკეთის შესახებ ძალზედ მწირი ინფორმაცია არსებობს. ბიზნეს აგენტები უმეტეს შემთხვევაში არც კი ცდილობენ იმოქმედონ კონკურენციის მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, ამის ერთ-ერთ მიზეზად კი შესაბამისი ცოდნის არარსებობა შეიძლება დასახელდეს. ამის გამო კი ზარალდება მომხმარებელი, თავად ბიზნესი და საბოლოო ჯამში ქვეყნის ეკონომიკა.

„კონკურენციის ცენტრი“ პირველი ორგანიზაციაა, რომელიც ამ მიმართულებით საქართველოში გეგმავს ფართომასშტაბიანი კვლევების განხორციელებას. „კონკურენციის ცენტრის“ მიერ ჩატარდა მომხმარებელთა ინტერნეტ-გამოკითხვა. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 300 რესპონდენტი.

როგორც ჩატარებული კვლევის შედეგები გვიჩვენებს, გამოკითხული რესპონდენტების 87%-ს აზრით, კონკურენციის პოლიტიკა მკვეთრ გავლენას ახდენს მომხმარებელთა უფლებებზე, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მომხარებელთა უფლებები საქართველოში დაცული არ არის და რიგი ღონისძიებებია გასატარებელი ამ კუთხით. გამოკითხული მოსახლეობის 74%-ს მიაჩნია, რომ სწორედ კონკურენტული გარემო უწყობს ხელს ქვეყანაში ეკონომიკურ კეთილდღეობას. რესპონდენტების 64% ერთმნიშვნელოვნად თანხმდება, რომ საქართველოში ბიზნესისთვის კონკურენტული გარემო არ არსებობს, გამოკითხულთა 57% ხშირად ხვდება კონკურენციის სამართლის დარღვევის ფაქტებს, 47% ფიქრობს, რომ ბაზარზე კონკურენცია სახელმწიფომ უნდა არეგულიროს, ხოლო 40% მიიჩნევს, რომ ბაზარი თავად დაარეგულირებს კონკურენტულ გარემოს. კონკურენციის სამართლის რეფორებთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე საკმაოდ დაბალია და გამოკითხული რესპონდენტების მხოლოდ 5%-ს აქვს გარკვეული სახის ინფორმაცია კონკურენციის სამართლის რეფორმასთან დაკავშირებით. კვლევის სფეროში ინფორმაცია იმდენად მცირეა, მოსახლეობა არ არის ინფორმირებული, როგორ უნდა მოიქცეს დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში. მაგალითისათვის, კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში, მოსახლეობის 51%-მა საერთოდ არ იცის, ვის უნდა მიმართოს და გამოკითხულთა მხოლოდ 9% ასახელებს კონკურენციის სააგენტოს. გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობას სურვილი აქვს მეტი ინფორმაცია მიეწოდოს კონკურენციის წესების, რეფორმების და ამ სფეროში მიმდინარე ცვლილებების შესახებ.

"კონკურენციის ცენტრი’’ განაგრძობს მუშაობას კონკურენციის სამართლის მიმართულებით და უახლოეს პერიოდში გეგმავს ფართომასშტაბიან კვლევებს და სამიზნე ჯგუფების ინფორმირებულობის გაზრდას.

ააიპ „კონკურენციის ცენტრი“