ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ხანძრის გამო ბრენდული მაღაზიების რელოკაცია განხორციელდება - კახა ხაზარაძე

„აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელის კახა ხაზარაძის განცხადებით, 21 დეკემბერს ვაკეში მომხდარი ხანძრის შედეგად დაზიანებულ შენობაში განთავსებული იყო ბრენდები - „ტაბლა“, „პომოდორისიმო“, „პანუცო“, „სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა“, „ოკაიდი“ და „ჯაკაიდი“.

როგორც ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, ხანძრის შედეგად შენობა ისე დაზიანდა, რომ ექსპლუატაციაში შესვლა შეუძლებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე აღნიშნული ბრენდების რელოკაცია განხორციელდება.

„21 დეკემბერს საღამო საათებში ჭავჭავაძის გამზირზე 33-ში მოხდა ხანძარი, რომლის ლიკვიდაცია 24 საათი გრძელდებოდა. საბედნიეროდ, პერსონალის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება. სახანძრო მაშველებს შორის ჰქონდა უბედურ შემთხვევას ადგილი, რის შედეგადაც ახალგაზრდა მაშველი გარდაიცვალა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მის ოჯახს სამძიმარი გამოვუცხადო.

ხანძრის შედეგად იმ შენობის ექსპლუატაციაში შესვლა, რომელშიც კორპორაცია ICR-ს ჰქონდა განთავსებული შემდეგი ბრენდები - ტაბლა, პომოდორისიმო, პანუცო, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ოკაიდი, ჯაკაიდი - შეუძლებელია.

ასევე მიმდინარეობს ზარალის დათვლა, რომელიც ახლოსაც ვერ მივა იმ ზარალთან, რაც ქვეყანამ შეიძლება განიცადოს თუ ის შეწყვეტს ევროინტეგრაციის პროცესს და შევა რთულ და გრძელვადიან ეკონომიკურ კრიზისში. ამ ობიექტებში მუშაობს 150-ზე მეტი თანამშრომელი. ჩვენი კომპანია 30 წელზე მეტი ისტორიის მატარებელია და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევა. მიუხედავად რთული ეკონომიკური სიტუაციისა, ყველა ობიექტის რელოკაცია მოხდება, რაც მთავარია ყველა პერსონალი შეინარჩუნებს თავის სამუშაო ადგილს.

დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც განიცადეთ ჩვენთან ერთად ეს ტკივილი. რაც არ გვკლავს ის გვაძლიერებს და ჩვენი გუნდი ახალი ენერგიით არა მარტო კომპანიას გავაძლიერებთ, არამედ სერიოზულ წვლილს შევიტანთ ახალი, ძლიერი, თავისუფალი საქართველოს მშენებლობაში.

ერთიანობა და სიყვარული არის და იქნება წარმატების ფორმულა“, - წერს კახა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

მერი ტაბატაძე