ევროკავშირი საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სისტემის ინსტიტუციური განვითარებისთვის 1 მლნ ევროზე მეტს გამოყოფს

ევროკავშირი საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სისტემის ინსტიტუციური განვითარებისთვის 1 მილიონ ევროზე მეტს გამოყოფს, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, ევროკავშირის ,,საჯარო სამსახურების დაძმობილების" (TWINNING) პროგრამის ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ევროპული რეგულაციების დანერგვის ხელშემწყობი პროექტი დაიწყო, რომელიც ავსტრიისა და ხორვატიის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოებთან თანამშრომლობითა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული საერთო საავიაციო სივრცის შესახებ შეთანხმების საფუძველზე ხორციელდება.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, პროექტის ოფიციალური გახსნა გაიმართება ხვალ, 11:00 საათზე სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" და მის გახსნაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გურამ ჯალაღონია, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი რომან კაკულია, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამების განყოფილების უფროსის მოადგილე შტეფან შტორკი და ავსტრიის საპატიო კონსული საქართველოში ევა ბერგერი. "ევროკავშირი საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სისტემის ინსტიტუციური განვითარებისთვის 1 მილიონ ევროზე მეტს გამოყოფს", - ნათქვამია განცხადებაში.