რუსეთმა აფხაზეთისთვის დენის ჰუმანიტარული მიწოდება ვადაზე ადრე დაიწყო

რუსეთიდან აფხაზეთში ელექტროენერგიის ჰუმანიტარული მიწოდება დაიწყო. ამის შესახებ TASS-ს დე ფაქტო ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სამინისტროში განუცხადეს.

კერძოდ, რუსეთიდან ელექტროენერგიის ჰუმანიტარული მიწოდება დღეს, თბილისის დროით 08:00 საათიდან დაიწყო.

ამასთან, „ჩერნომორენერგოს“ პრესსამსახურის ცნობით, ძალაში შევიდა 1-ლი ნოემბერს შემოღებული დენის გათიშვის წინა, 4-საათიანი გრაფიკი, რომლის დროსაც ელექტროენერგია დღისა და ღამის განმავლობაში ორ-ორი საათით ითიშება.

„ჩერნომორენერგოს“ გენერალურმა დირექტორმა, ტიმურ ჯინჯოლიამ TASS-ს განუმარტა, რომ სოციალური ნაკადი იანვარში უნდა დაწყებულიყო, თუმცა ენერგომომარაგების რთული ვითარებიდან გამომდინარე, რუსეთმა მიწოდება ვადაზე ადრე, 23 დეკემბერს დაიწყო.

„სავარაუდოდ, ეს 327 მლნ კვტ/სთ-იანი სოციალური პაკეტია,“ - ამბობს ჯინჯოლია და განმარტავს, რომ ელექტროენერგია მარტამდე საკმარისი იქნება, ხოლო გაზაფხულზე ენგურჰესის კაშხალი შეივსება და შემოდგომის დასაწყისამდე ენერგომომარაგების პრობლემა აღარ იარსებებს.

ჯინჯოლიას თქმით, ოთხსაათიანი გათიშვის გრაფიკი, რომელიც სოციალური ნაკადის დაწყებისთანავე დაბრუნდა, საშუალებას იძლევა, დღეში 9 მილიონი კვტ/სთ მოხმარებისას, დაახლოებით, 1 მლნ კვტ/სთ იქნას დაზოგილი.

ცნობისთვის: 1-ლი ნოემბრიდან აფხაზეთი ელექტროენერგიას რუსეთისგან ყიდულობდა, რომ ენერგოდეფიციტი ნაწილობრივ დაეფარა, ხოლო დენის მიწოდებაზე ოთხსაათიანი შეზღუდვა მოქმედებდა. 11 დეკემბრიდან ენგურჰესის კაშხალში წყლის კრიტიკულად დაბალი დონის გამო გრაფიკი გამკაცრდა და მოსახლეობას დღისით დენი მხოლოდ სამ საათზე ნაკლები დროით მიეწოდებოდა, ხოლო რუსული დენის ხარჯზე ღამით მიწოდება 21:00-იდან 07:00 საათამდე შეადგენდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ