კონკურენციის სააგენტომ ნაცრისფერი ცემენტის მწარმოებელი 2 კომპანია დააჯარიმა - მიზეზი

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), ნაცრისფერი ცემენტის წარმოების ბაზარზე, ორ კონცენტრაციაზე გასცა თანხმობა. ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

კერძოდ, მათი ცნობით, საქმე შეეხება ლევან ვარსიმაშვილისა და გია ვარსიმაშვილის მიერ შპს „მაქს იმპორტის“ 50-50%-იანი წილების შეძენის გზით განხორციელებულ კონცენტრაციებს.

„GCCA-ის მიერ მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2023 წელს ნაცრისფერი ცემენტის წარმოების ბაზარზე, ქვეყნის მასშტაბით, ეკონომიკურ საქმიანობას 52 კომპანია ახორციელებდა. ბაზრის მოცულობა შეადგენდა 2 642 150 ტონას. არსებული მდგომარეობით, შესაბამისი ბაზარი მაღალკონცენტრირებულია - ბაზრის კონცენტრაციის ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (HHI) შეადგენს 2876.44 ერთეულს.

ბაზრის ანალიზის ნაწილში კონცენტრაციის ინდექსისა და მისი ცვლილების მაჩვენებლების გამოთვლისას, სააგენტოს მიერ მხედველობაში იქნა მიღებული როგორც თავად შპს „მაქს იმპორტის“, ასევე ლევან ვარსიმაშვილთან და გია ვარსიმაშვილთან დაკავშირებული ეკონომიკური აგენტების საბაზრო წილები, რისი დამუშავების შედეგადაც დადგინდა, რომ ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი კონცენტრაციების შედეგად მხოლოდ 55.76 პუნქტით, 2932.2 ერთეულამდე გაიზრდება. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, განხორციელებული კონცენტრაციები შესაბამის ბაზარზე არსებით გავლენას არ ახდენს და კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია.

აღსანიშნავია, რომ კონცენტრაციები შეუტყობინებლად იქნა განხორციელებული, შემსყიდველი მხარეები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ და დაევალათ სააგენტოში განხორციელებული კონცენტრაციის შესახებ განაცხადის წარმოდგენა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

თაია არდოტელი