„აუცილებელია, სასწრაფოდ გადაიდგას ნაბიჯები და სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, თუ არ გვინდა, რომ ეკონომიკა ჩამოიშალოს“, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „მონეტიზაცია“ Salt Project-ის დამფუძნებელი ვალერი ჩეხერია აღნიშნავს და ტურიზმის სექტორში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს.
მისი თქმით, გასულ პერიოდებში სახელმწიფოს ეკონომიკური მიმართულების წარმომადგენლებს ტურიზმის სექტორთან კომუნიკაცია ჰქონდათ, თუმცა ახლა ეს კონტაქტი გაწყვეტილია.
„ტურიზმი ყოველთვის იყო ის სფერო, რომელსაც ყველაზე ახლო კომუნიკაცია ჰქონდა თავისი მიმართულების სახელმწიფოს წარმომადგენელთან. ეს ახლა გაწყდა, არანაირი კომუნიკაცია და გეგმა კრიზისიდან გამოსვლის არ არის. მაგალითად, შესაძლოა, რომ დავსხდეთ და ვისაუბროთ დღგ-ს გადავადებაზე.
ასობით ათასი ადამიანია ტურიზმის სექტორში დასაქმებული, ელოდებიან მე-13 ხელფასს წლის ბოლოს, სამწუხაროდ, ახლა ყველა გაურკვევლობაშია დარჩენილი. ამ ვითარებაში აუცილებელია, რომ სასწრაფოდ გადაიდგას ნაბიჯები და სახელმწიფომ აიღოს პასუხისმგებლობა, თუ არ გვინდა, რომ ჩამოიშალოს ეკონომიკა. დარწმუნებული ვარ, რომ ობიექტები ბანკებს მიმართავენ სესხების გადავადებაზე, რადგან ამ და წინა თვეში სესხების გადახდა გაუჭირდა ყველა ობიექტს“, - განაცხადა ვალერი ჩეხერიამ.
შეგახსენებთ, 28 ნოემბერს მთავრობის მიერ გაკეთებულ განცხადებას, შეაჩეროს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესი და უარი თქვას ფინანსურ დახმარებაზე, მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეები 25 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებას და დაკავებულების გათავისუფლებას.
პროტესტს უერთდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, შეიქმნა არაერთი პლატფორმა, სადაც ბიზნესები საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ და აღნიშნავენ, რომ ქვეყანა მიდის „რუსეთის გზაზე“, რაც საქართველოს და მის ეკონომიკას კრიზისამდე მიიყვანს. მოსახლეობა და ბიზნესი მოითხოვს, რომ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს.