TAV Georgia - ავიაციას სჭირდება სიმშვიდე, თუ ახალი არჩევნები იქნება გამოსავალი, ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას

„აუცილებლად გამოვიყენებთ ამ პლატფორმას იმისთვის, რომ ბიზნესმა ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ", - ამის შესახებ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანიის, TAV Georgia-ის გენერალურმა მენეჯერმა, თეა ზაქარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში დაგეგმილ შეხვედრაზე შესვლამდე განაცხადა.

მანვე ყურადღება გაამახვილა ბიზნესის გამოწვევებზეც და აღნიშნა, რომ კრიზისის გაგრძელების შემთხვევაში ავიაციის სექტორზე ნეგატიური ეფექტი მომავალ თვეებში აისახება.

"აუცილებლად გამოვიყენებთ ამ პლატფორმას იმისთვის, რომ ბიზნესმა ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ. ბიზნესზე პირდაპირ აისახება ეს ყველაფერი. არ ვიცი კონკრეტულად რაზე იქნება საუბარი, ჩემ გარდა შეხვედრაზე არის 80-100 ბიზნესი. თუ მომეცა აზრის გამოხატვის საშუალება, აუცილებლად დავაფიქსირებ ჩემს აზრს, რომ აუცილებელია სტაბილურობა.

მე პოლიტიკაში ვერ ჩავერევი, ვიტყვი იმას რომ ქვეყანას და ჩვენს ბიზნესს, ავიაციას, სჭირდება სიმშვიდე და სტაბილურობა. თუ ამისთვის სახელმწიფომ უნდა გადადგას ნაბიჯი, რომ ახალი არჩევნები იქნება გამოსავალი, ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას. ავიაციაში არის მცირეოდენი შემცირება, დეკემბერში ნაკლებად აისახა ეფექტი და თუ ასე გაგრძელდა, იანვარ-თებერვალში აუცილებლად ეს ყველაფერი ბიზნესზე აისახება", - განაცხადა თეა ზაქარაძემ.

შეგახსენებთ, 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არ აპირებს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას, ასევე მთავრობა უარს ამბობს მათ საბიუჯეტო დაფინანსებაზე.

მთავრობის აღნიშნულ გადაწყვეტილებას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. რომელიც უკვე 26 დღეა უწყვეტად გრძელდება და საზოგადოების თითქმის ყველა სფერო მოიცვა. მათ შორის, ბიზნესსექტორმა შექმნა პლატფორმა Freebusiness.ge-, რომელსაც უკვე 2 200-ზე მეტი სუბიექტი უერთდება. ეს ბიზნესსუბიექტები თვლიან, რომ არსებული კრიზისი გაცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს და გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. ეს კომპანიები ისინი დაკავებულების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების ჩანიშვნას ითხოვენ.

მერი ტაბატაძე