გიორგი ემირიძე - არსებული ვითარება შესაძლოა, ქვეყნისთვის ეკონომიკური პრობლემების საწყისი იყოს

არსებული ვითარება შესაძლოა, ქვეყნისთვის ეკონომიკური პრობლემების საწყისი იყოს - ამის შესახებ ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძესთან შეხვედრამდე GIG -ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ემირიძემ განუცხადა.

კითხვაზე, არსებული კრიზისის აისახება თუ არა ბიზნესზე, ემირიძე პასუხობს: - "რა თქმა უნდა. არსებული ვითარება შესაძლოა, იყოს ქვეყნისთვის საწყისი ეკონომიკური პრობლემების", - განაცხადა გიორგი ემირიძემ.

კითხვაზე, კრიზისიდან გამოსავალი შესაძლოა იყო თუ არა ახალი არჩევნების დანიშვნა, ემირიძე პასუხობს: - "მათ შორის".

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ხვდება.

შეგახსენებთ, 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არ აპირებს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას, ასევე მთავრობა უარს ამბობს მათ საბიუჯეტო დაფინანსებაზე.

მთავრობის აღნიშნულ გადაწყვეტილებას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. რომელიც უკვე 26 დღეა უწყვეტად გრძელდება და საზოგადოების თითქმის ყველა სფერო მოიცვა. მათ შორის, ბიზნესსექტორმა შექმნა პლატფორმა Freebusiness.ge-, რომელსაც უკვე 2 200-ზე მეტი სუბიექტი უერთდება. ეს ბიზნესსუბიექტები თვლიან, რომ არსებული კრიზისი გაცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს და გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. ეს კომპანიები ისინი დაკავებულების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების ჩანიშვნას ითხოვენ.

მერი ტაბატაძე