წელს შერწყმა-შთანქთქმის, ანუ M&A-ს (Mergers and Acquisitions) გლობალური მოცულობა 3 ტრლნ დოლარს გადააჭარბებს. ამასთან, ექსპერტები 2025 წელს, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას მსხვილი გარიგებების ზრდას მოელიან.
ამის შესახებ Financial Times წერს.
ლონდონის საფონდო ბირჟის (LSE) მონაცემებით, წელს M&A-ს ბაზარი 11%-ით გაიზარდა. მაშინ, როცა 2023 წელს პირველად ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში მისი მოცულობა 3 ტრლნ დოლარზე დაბლა დაეცა.
წლის დასაწყისიდან 5 მლრდ დოლარზე მეტი ღირებულების, ეგრეთ წოდებული, მეგაგარიგებების ღირებულება 19%-ით გაიზარდა, რამაც M&A-ების საერთო ოდენობის ზარდა განაპირობა, მაშინ, როცა გარიგებების რაოდენობა 20%-ით, ანუ ცხრა წლის მინიმუმამდე შემცირდა.
წლის გახმაურებულ გარიგებებს შორის არის Mars-ის მიერ 35,9 მლრდ დოლარად ამერიკული კომპანია Kellanova-ს შეძენა, რომელიც, მათ შრის, ჩიფს Pringles-ს აწარმოებს. ასევე, დიდი გარიგება იყო Capital One Financial-ის მიერ კონკურენტ Discover Financial Services-ის შეძენა, რომლის ოდენობამაც 35,3 მლრდ დოლარი შეადგინა.
ზოგიერთი ექსპერტი იმედოვნებს, რომ თეთრ სახლში ტრამპის დაბრუნება მარეგულირებლების მხრიდან მსხვილ შერწყმა-შთანთქმაზე ნაკლებ კონტროლს ნიშნავს.
ბოლო სამ თვეში M&A-ს აქტივობა, მესამე კვარტალთან შედარებით, შენელდა, თუმცა აშშ-ში ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებს გარიგებების ბუმი მოჰყვა. M&A-ს წლევანდელ გლობალურ აქტივობაში აშშ-ის წილი 46%-ს შეადგენს. ამასთან, ქვეყანაში გარიგებების თანხა 8%-ით გაიზარდა.
აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში M&A-ს მოცულობა 2%-ით დაეცა, თუმცა იაპონიაში ეს მაჩვენებელი 45%-ით გაიზარდა და 19-წლიან მაქსიმუმს მიაღწია. ევროპაში 20%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
საინვესტიციო ბანკინგის სფეროში საკომისიოები, წინა წელთან შედარებით, 12%-ით, 111 მლრდ დოლარამდე გაიზარდა, რაც გასული ათწლეულის საშუალო მაჩვენებელს აღემატება.
M&A-ს გარიგებათა კონსულტაციებში გლობალური ლიდერობა Goldman Sachs Group-მა შეინარჩუნა, ხოლო Morgan Stanley-მ კომპანია, JPMorgan Chase & Co. ჩამოაქვეითა და მეორე ადგილი დაიკავა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ