ნოემბერში თბილისში პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმები 600 ათასი ლარით შემცირდა - როგორია სტატისტიკა

2024 წლის ნოემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თბილისში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმები 600 ათასი ლარით შემცირდა. უფრო კონკრეტულად, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, წელს ნოემბერში არასწორი პარკირებისთვის 1.3 მლნ ლარის ჯარიმა დაიწერა, წინა წლის ნოემბერში - 1.9 მლნ ლარის.

რაც შეეხება 2024 წლის იანვარ-ნოემბერს, ამ პერიოდში დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში 16 034 205 ლარი შევიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში - 17 269 766 ლარი.

ამასთან, შემცირებულია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს იანვარ-ნოემბერში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში 203,634მლნ ლარი შევიდა, წინა წლის 11 თვეში - 254.238 მლნ ლარი.

ცნობისთვის, 2022 წლის შემოდგომიდან პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა, ნაცვლად 10 ლარისა, 50 ლარი გახდა.

ნინი ქეთელაური